კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებშიც „დიფ სთეითის“ გავლენებზე საუბრობს
პრემიერ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, რუსეთის მიერ 7 ქართული კომპანიის სანქცირება აბსურდულია, რის მიზეზადაც ის მოლაპარაკებებში „დიფ სთეითის“ შესაძლო გავლენებსა და რუსეთის საშუალო რგოლის წარმომადგენელთა შესაძლო მოსყიდვას ასახელებს.

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესსა და ევროკავშირთან ურთიერთობებს ერთმანეთს ადარებს და რუსეთთან მოლაპარაკებებშიც „დიფ სთეითის“ გავლენებზე საუბრობს. ის ირწმუნება, რომ შესაძლოა რუსეთის ხელისუფლების საშუალო რგოლი მოსყიდული იყოს.
კობახიძემ ჟურნალისტებთან რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ქართული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეაფასა და თქვა, რომ გაუგებარია არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც რუსეთმა 7 ქართული კომპანია სანქციების სიაში შეიყვანა.
კობახიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა, სანქციების დაწესების მიზეზად სამი საკითხი დაასახელა: ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და კომპანიების ჩართულობა რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში - მისი შეფასებით, შვიდივე კომპანიის შემთხვევაში აღნიშნული ბრალდებები აბსურდულია.
მისივე თქმით, საქართველოს მოლოდინი იყო, რომ სანქციების სია სრულად გაუქმდებოდა, თუმცა, ამის ნაცვლად, ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, სიას კიდევ ორი კომპანია დაემატოს.
კობახიძის განცხადებით, ამ პროცესში ის ხედავს იმავე ტენდენციას, რასაც, მისი შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობის შემთხვევაშიც აქვს ადგილი. მისი მტკიცებით, ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები „დიფ სთეითის“ გავლენით მოქმედებენ და გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ იღებენ.
„დიფ სთეითის“ შესაძლო გავლენებზე საუბრისას კობახიძემ არ გამორიცხა, რომ რუსეთის შემთხვევაშიც საშუალო რგოლის წარმომადგენლები მოსყიდულები იყვნენ. მისი თქმით, სანქციების დაწესება რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, ხოლო ამ გადაწყვეტილებებს სათანადო არგუმენტები არ გააჩნია.
„პირველ რიგში, მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭვირვალობა არის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე და ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკების შემთხვევაშიც.
რაც შეეხება ჩვენი სპეცწარმომადგენლის განცხადებას, მე ამ შეფასებას ვიზიარებ - ჩვენი მოლოდინი კონკრეტულად ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს საკითხი უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. რეალურად, ახსენა ბატონმა სპეცწარმომადგენელმა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა - ღვინის ხარისხი, ხარისხთან ერთად უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და მესამე - რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ 7-ვე კომპანიის შემთხვევაში, სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი. [...]
სრულიად აბსურდულია საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს სანქციების სიაში. ჩვენი მოლოდინი იყო ამ სიის სრული ანულირება, თუმცა სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულება - ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია. [...]
რაც შეეხება ზოგადად შეფასებას და დამოკიდებულებას, ჩვენ მიჩვეული ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული ე.წ. დიფ სთეითის მიერ და ასეთ პირობებში, ეს ადამიანები, ევროპული ბიოროკრატები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ევროპის ინტერესებს, მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რაღაც ხდებოდეს და კიდევ ერთი რაღაც, რაც შეიძლება ახასიათებდეთ მათ, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ და შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი იყო ასევე საქართველო სააკაშვილის პერიოდში. გახსოვთ, მაშინაც მოსყიდული იყო ჩვენი ე.წ. ხელისუფლება და ამ მოსყიდვის გამო პირდაპირ დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და არგუმენტები არსად იყო. ამას მიჩვეული ვართ.
ამ შემთხვევაში ვხედავთ იგივე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია - დიფ სთეითს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები, შეიძლება, თავისუფლად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული. ხელწერა არის ზუსტად იგივე - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…