მოსკოვში დააპატიმრეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე
მოსკოვში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე იური გრეხოვი დააპატიმრეს — მედიის ინფორმაციით, მას ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება და კორუფცია ედება.

ეს საჯაროდ ცნობილი გახდა 26 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა „ასტრამ“ და გამოცემა „კომერსანტმა“ მოსკოვის სამხედრო სასამართლოს ბაზაში აღმოაჩინეს შესაბამისი ჩანაწერი.
კერძოდ, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო-საგამოძიებო სამმართველოს შუამდგომლობა იური გრეხოვისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი მითითებული არ არის.
საქმე სავარაუდოდ, კორუფციას ეხება
„კომერსანტი“ გამოძიების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალ-პოლკოვნიკი გრეხოვი ეჭვმიტანილია კორუფციულ დანაშაულში.
კიდევ ერთი რუსული გამოცემა „ბაზა“ წერს, რომ გრეხოვს ბრალად ედება დიდი რაოდენობით ქრთამის აღება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ
64 წლის იური გრეხოვი საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილეა 2021 წლიდან. იმავე წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება.
მანამდე, 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს.
2022 წლიდან გენერალ-პოლკოვნიკ გრეხოვის წინააღმდეგ მოქმედებს ევროკავშირის და უკრაინის სანქციები.
ბოლო წლებში რუსეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს და არმიის არაერთი მაღალჩინოსანი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…