პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

New York Post: აშშ-ის ადმინისტრაციამ USAID-ის შიდა დოკუმენტები გამოაქვეყნა - მასალების მიხედვით, ბაიდენის ხელისუფლების დროს სააგენტო სოციალურ ქსელებთან თანამშრომლობდა პოსტების წასაშლელად და უცხოური მედიასაშუალებების პლატფორმებიდან გასაძევებლად

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად, ბაიდენის მმართველობისას USAID სოციალურ ქსელებთან პოსტების წაშლასა და უცხოური საიტების პლატფორმებიდან ჩამოშორებაზე თანამშრომლობდა, იტყობინება New York Post-ი.

New York Post: აშშ-ის ადმინისტრაციამ USAID-ის შიდა დოკუმენტები გამოაქვეყნა - მასალების მიხედვით, ბაიდენის ხელისუფლების დროს სააგენტო სოციალურ ქსელებთან თანამშრომლობდა პოსტების წასაშლელად და უცხოური მედიასაშუალებების პლატფორმებიდან გასაძევებლად
იმედინიუსი

ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) Facebook-თან თანამშრომლობდა კონკრეტული პოსტების წაშლის მიზნით, ამასთან, უცხოური საინფორმაციო ვებსაიტების ონლაინ პლატფორმებიდან ჩამოშორების გეგმის შემუშავებას ცდილობდა. ინფორმაციას New York Post-ი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სააგენტოს შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

248 დოკუმენტი, მათ შორის ელექტრონული წერილები, სამსახურებრივი მემორანდუმები, ჩატების ჩანაწერები და ვიდეომასალები, გაუქმებული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციის გავრცელების შესახებ DOGE-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ედვარდ კორისტინმა, რომელიც ინტერნეტში მეტსახელით Big Balls არის ცნობილი, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

New York Post-ის ცნობით, გამოქვეყნებული მასალები აჩვენებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სოციალური მედიის კომპანიებთან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ.

ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს, როდესაც USAID-ის მაშინდელი ადმინისტრატორი სამანტა პაუერი Meta-ს პრეზიდენტს გლობალურ საკითხებში შეხვდა, სააგენტომ შეხვედრის შესახებ საჯარო განცხადების გავრცელება არ ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მანამდე რეგულარულად აქვეყნებდა.

სააგენტოს პრესსამსახურმა თანამშრომლებს შეხვედრის შესახებ ანგარიშის მომზადება სთხოვა, თუმცა დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ბიურომ გააფრთხილა, რომ შეხვედრის შესახებ „საჯარო ინფორმაციის გავრცელება არ უნდა მომხდარიყო“.

როდესაც პრესსამსახურმა ამის მიზეზი იკითხა, სააგენტოს იურისტმა ჩიომა აიოგუმ განმარტა, რომ შეხვედრა კანონით დასაშვები თანამშრომლობის ფარგლებში ჯდებოდა, თუმცა მისი საჯაროდ გაშუქება სხვადასხვა მხრიდან კითხვებსა და კრიტიკას გამოიწვევდა. მან ასევე მიუთითა კონგრესში არსებულ მგრძნობიარე საკითხებსა და უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავაზე, რომელიც მთავრობისა და სოციალური მედიის კომპანიების ურთიერთობას ეხებოდა.

დოკუმენტებში აღწერილია Facebook-თან თანამშრომლობის სხვა შემთხვევებიც. 2022 წლის ბოლოს USAID-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Meta-ს ელექტრონული წერილით მიმართა და გვატემალის მოსამართლე იასმინ ბარიოსის წინააღმდეგ Fundación Contra el Terrorismo-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტების შესწავლა სთხოვა. წერილში აღნიშნული იყო, რომ სამანტა პაუერმა წინა დღეს მოსამართლის მიმართ მუქარის შემცველ მასალებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

Meta-მ ძალადობისა და ძალადობისკენ წაქეზების წინააღმდეგ მოქმედი წესების საფუძველზე ერთ-ერთი პოსტი წაშალა, თუმცა თავად გვერდი პლატფორმაზე დატოვა. USAID-ის მაშინდელმა ლათინური ამერიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარსელა ესკობარმა კომპანიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევას ხელმძღვანელობისთვის მათი თანამშრომლობის ეფექტიანობის მაგალითად წარმოადგენდა.

დოკუმენტების მიხედვით, ინიციატივები თავად Meta-განაც მოდიოდა. 2022 წლის მარტში კომპანიის საჯარო პოლიტიკის დირექტორმა სანდრა ლუფმა USAID-ის წარმომადგენელს ჯონი უოლშს სააგენტოს Meta-ს Trusted Partners პროგრამის გაფართოებაში შესაძლო ჩართვის შესახებ მისწერა. პროგრამა გარე ორგანიზაციებს საშუალებას აძლევდა, სოციალური ქსელისთვის საეჭვო ან წესების დამრღვევი შინაარსის შემცველი მასალების შესახებ ინფორმაცია დაჩქარებული წესით მიეწოდებინათ.

ლუფის თქმით, USAID-ის მრავალი გრანტის მიმღები ორგანიზაცია, სავარაუდოდ, უკვე მონაწილეობდა ამ პროგრამაში.

მსგავსი თანამშრომლობით დაინტერესებული იყო YouTube-იც. 2022 წლის აგვისტოში USAID-ის წარმომადგენელმა ჯოშუა მაჩლედერმა ორგანიზაცია Internews-ის მრჩეველს რაფიკ კოპლენდს აცნობა, რომ YouTube-მა პროგრამისთვის, სახელწოდებით Trusted Flagger ადგილობრივი ორგანიზაციების სიის შედგენა ითხოვა. Internews-ი USAID-ის დაფინანსებას იღებდა.

კოპლენდის პასუხის თანახმად, ის დარწმუნებული იყო, რომ USAID იმ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აფინანსებდა თანამშრომლებს, რომლებიც სოციალური მედიის პლატფორმებს მსგავსი პროგრამების ფარგლებში მასალების მონიშვნაში ეხმარებოდნენ.

New York Post-ის ყურადღებას იქცევს ასევე ბრიტანული ორგანიზაცია Global Disinformation Index-ის (GDI) საქმიანობა. 2022 წლის ივლისში USAID-ის წარმომადგენლები ორგანიზაციის დამფუძნებლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ჯონი უოლშმა მათ 10 ქვეყანა შესთავაზა და თანამშრომლობის შესაძლო ფორმების შესახებ მოკლე დოკუმენტის მომზადება სთხოვა.

GDI-მ საპასუხოდ წარადგინა წინადადება მოლდოვაში, ზამბიასა და სომხეთში საინფორმაციო ვებსაიტების შეფასების შესახებ. ორგანიზაცია მიუთითებდა USAID-ის მზარდ თანამშრომლობაზე Meta-სა და Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-თან და სთავაზობდა დახმარებას პლატფორმებისთვის ისეთი მედიასაშუალებების გამოვლენაში, რომელთა დაფინანსების შეწყვეტა ან პლატფორმებიდან სრულად წაშლა იქნებოდა შესაძლებელი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არ იკვეთება, რომ USAID-მა ამ პროექტისთვის თანხა გადაიხადა. თუმცა, 2023 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც New York Post GDI-ის მიერ შედგენილ ე.წ. სარისკო მედიასაშუალებების სიაში მოხვდა, სააგენტოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის განახლების ინტერესი გამოთქვა.

GDI-ს მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრისგანაც ჰქონდა მიღებული 100 000 დოლარი 2021 წელს. ორგანიზაციას აფინანსებდა კონგრესის მიერ დაფინანსებული დემოკრატიის ეროვნული ფონდიც (NED), რომელმაც მასთან თანამშრომლობა 2023 წელს შავი სიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეწყვიტა.

2024 წლისთვის USAID-ის იურისტები თანამშრომლებს უკვე აფრთხილებდნენ, რომ ოფიციალურ მიმოწერაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინათ. იმავე წლის ივლისში დაგეგმილი ბრიფინგისთვის მომზადებულ დოკუმენტში პირდაპირ ეწერა მითითება: „ეს Washington Post-ში არ უნდა მოხვდეს“.

თანამშრომლებს ასევე ურჩევდნენ, ელექტრონული წერილები და ჩატები ისე დაეწერათ, თითქოს მათი მოთხოვნა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონით (FOIA) ან კონგრესის მიერ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ინფორმაციის გამჟღავნება ნაგულისხმევ წესად უნდა ჩაეთვალათ.

ამასთან, სოციალური მედიის კომპანიებთან შეხვედრებამდე თანამშრომლებს იურისტებთან შეთანხმებული ჰქონდათ სასაუბრო საკითხები, რათა საჭიროების შემთხვევაში კონგრესის შეკითხვებისა თუ ინფორმაციის გამოთხოვის დროს სამართლებრივი მხარდაჭერა ჰქონოდათ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კარგად გვახსოვს როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად - ლევან მაჭავარიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები