აშშ-მა რამდენიმე სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროკავშირისა და ჩინეთის, წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ 20%-დან 40%-მდე სატარიფო შეთავაზება გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 მსხვილი სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ჩინეთის, იაპონიისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ახალი სატარიფო ზომები გამოაცხადა.
მისი ადმინისტრაცია გამოვიდა შეთავაზებით, ახალი ტარიფების მაქსიმალური განაკვეთები 20%-დან 40%-მდე განისაზღვროს იმ ჭარბი სამრეწველო საწარმოო სიმძლავრეების საპასუხოდ, რომლის ხელშეწყობაშიც, ადმინისტრაციის მტკიცებით, ეს ქვეყნები მონაწილეობენ. თუმცა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში განაცხადეს, რომ ახალი ტარიფების განაკვეთების ზედა ზღვარი უფრო დაბალ ნიშნულზე დაწესდება - იმ დონეზე, რომელიც უკვე მიღწეული ან ჯერ კიდევ მოლაპარაკების პროცესში არსებული სავაჭრო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
ამასთან, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი ბრაზილიიდან იმპორტირებულ Embraer-ის დასრულებულ სამოქალაქო თვითმფრინავებზე ახალი, 10%-იანი ტარიფის დაწესების, ასევე კვოტით გათვალისწინებულ ზღვარზე მეტი რაოდენობით იმპორტირებულ ბრაზილიურ შაქარზე საბაჟო გადასახადების გაზრდის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნული პროდუქცია მანამდე გათავისუფლებული იყო ბრაზილიურ საქონელზე ტრამპის მიერ ივლისში დაწესებული 25%-იანი ტარიფებისგან.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა განაცხადა, რომ ტარიფების გაზრდის შეთავაზების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-სა და ბრაზილიას შორის რამდენიმეთვიანმა მოლაპარაკებებმა “უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის” აღმოსაფხვრელად „ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო“.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებით, ჭარბი საწარმოო სიმძლავრეების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩინეთს ყველაზე მაღალი, 20%-იანი ტარიფი დაუწესდება. ეს განაკვეთი დაემატება დაახლოებით 25%-იან საბაჟო გადასახადებს, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დაწესდა.
ამასთან, ვიეტნამისთვის ტარიფის ზედა ზღვარი 20%-ით განისაზღვრება, თუ ის ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს, ხოლო მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ტარიფის განაკვეთი 35%-მდე გაიზრდება.
ეს განაკვეთი შეესაბამება აშშ-სა და ჩინეთს შორის მიღწეულ სავაჭრო ზავის პირობებს, რომლის მოქმედების ვადაც 10 იანვარს იწურება. თუმცა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებით, თუ ზავი ჩაიშლება, ჩინეთისთვის განაკვეთი 40%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი ასევე გამოვიდა შეთავაზებით იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების ზედა ზღვარი 18%-ით განისაზღვრის კამბოჯიდან, ინდონეზიიდან, მალაიზიიდან, ტაილანდიდან და ბანგლადეშიდან იმპორტის შემთხვევაში, ხოლო იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან, ტაივანიდან, ევროკავშირიდან და შვეიცარიიდან იმპორტირებულ საქონელზე - 15%-ით, უკვე მოქმედი „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის“ საბაჟო გადასახადების ჩათვლით.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განცხადებით, ინდოეთზე, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ გაუფორმებია, 17%-იანი ტარიფი გავრცელდება, თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, ხოლო მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში - 25%-იანი. სინგაპურისთვის კი ტარიფის ზედა ზღვარი 10%-ით განისაზღვრება.
გრირის თქმით, ტარიფები, რომლებიც 25 იანვარს დაგეგმილი საჯარო მოსმენის შემდეგ ამოქმედდება, მიზნად ისახავს ისეთი „სამრეწველო სტრატეგიების“ საპირისპირო ზომების მიღებას, რომლებიც ეფუძნება საწარმოო სექტორის მიზანმიმართულ დამუშავებას, ხელფასებისა და შრომითი უფლებების შეზღუდვას, ფინანსურ თუ სხვა სახის მხარდაჭერას, არასაბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელ რესურსებსა და ბაზრის დამამახინჯებელ სხვა პრაქტიკებს რაც, აშშ-ის საწარმოო ბაზას ასუსტებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…