მიქანაძე ირწმუნება, რომ ილიაუნში „არცერთი ფაკულტეტი არ გაუქმებულა“
განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ილიაუნში არცერთი ფაკულტეტი არ გაუქმებულა, ხოლო სტუდენტებს იმიტომ არ შეხვდა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ რეფორმის საწინააღმდეგო არგუმენტი ვერ წარმოადგინა.

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ ილიაუნის სტუდენტებს იმიტომ არ შეხვდა, რომ „უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ რეფორმის წინააღმდეგ ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა“.
„ახლა ცდილობენ, პროცესში სტუდენტები ჩართონ, მაშინ, როდესაც უმაღლესი განათლების რეფორმა ახალგაზრდებზე მხოლოდ დადებითად აისახება“, – აცხადებს მიქანაძე.
მისი თქმით, რეფორმის შედეგად „არცერთი ფაკულტეტი არ გაუქმებულა“ და სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
„თუმცა „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპიდან გამომდინარე, კონკრეტული პროგრამები მილევად რეჟიმშია.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული მიდგომა გულისხმობდა ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კონცენტრირებას უნივერსიტეტის ტრადიციული პროფილის შესაბამისად.
აქ ცალსახად იკვეთება, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ვერაფერს გახდა. ახლა ისინი ცდილობენ, საკითხი ისე წარმოაჩინონ, თითქოს სტუდენტებს რეფორმა ნეგატიურად შეეხო.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩემთან შეხვედრას ითხოვენ, პირველ რიგში, მიჩნდება კითხვა: რა უდევს საფუძვლად ამ მოთხოვნას? რადგან რეფორმის ფარგლებში მხოლოდ მათთვის სასარგებლო ინიციატივები განხორციელდა“, – ამბობს გივი მიქანაძე.
ამავე განცხადებაში წერია, რომ მიქანაძე ილიაუნის ხელმძღვანელობას პირისპირაც შეხვდა, სადაც რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს „რექტორთა საბჭოსა და რექტორთა კონფერენციის ფორმატებში, სადაც მათ ასევე ვერაფერი საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცეს“, – ირწმუნება მიქანაძე.
ილიაუნის სტუდენტები რამდენიმე კვირაა ითხოვენ გივი მიქანაძესთან შეხვედრას და მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემას. როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, სამინისტროში ათობით წერილი აქვთ გაგზავნილი, სადაც ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას, ბოლოს, 18 ნოემბერს სტუდენტებმა გივი მიქანაძე უნივერსიტეტის დარბაზში მიიწვიეს დისკუსიისთვის, სადაც ათეულობით სტუდენტი იყო შეკრებილი, თუმცა მიქანაძე არც აქ მივიდა.
სტუდენტები პროტესტს განათლების სამინისტროსთან აგრძელებენ. ისინი მოითხოვენ იმ პროგრამების აღდგენას, რომელიც სამინისტრომ ე.წ რეფორმის ფარგლებში გააუქმა.
ამ თემაზე:
„თუ არ მოვა გივი“ – მიქანაძის წაქცეული სკამი და სტუდენტების პროტესტი თბილისში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგივი მიქანაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უმაღლესი განათლების რეფორმის წინააღმდეგ ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა, ახლა ცდილობენ, პროცესში სტუდენტები ჩართონ
გივი მიქანაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ რეფორმის წინააღმდეგ ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა - ახლა ცდილობენ, პროცესში სტუდენტები ჩართონ, მაშინ როცა რეფორმა ახალგაზრდებზე მხოლოდ დადებითად აისახება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…