"ყველაფერი იქით მიდის, რომ პურის ფასმა უნდა მოიმატოს" - ასოციაცია
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ თბილისში პიკის საათებში სადისტრიბუციო მანქანების შეზღუდვამ და მასობრივმა ჯარიმებმა, ხორბლის იმპორტის გადასახადთან ერთად, შესაძლოა პურის გაძვირება გამოიწვიოს.

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელ მალხაზ დოლიძის განცხადებით, თბილისში პიკის საათებში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვამ და დისტრიბუტორთათვის გამოწერილმა ჯარიმებმა შესაძლოა, პურის გაძვირება გამოიწვიოს.
რეგულაციების თანახმად, დილის 08:00-დან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00-დან 20:00 საათამდე დედაქალაქში დიდგაბარიტიანი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა სადისტრიბუციო მანქანებზეც ვრცელდება.
მალხაზ დოლიძის თქმით, ქალაქში სათანადო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ქარხნებს ყოველდღიურად ათასობით ლარის ჯარიმის გადახდა უწევთ:
"მე პურის გაძვირებას [ფქვილის გაძვირების] გამო არ ველოდები - სოციალური პური ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან უამრავი სადისტრიბუციო მანქანა ჯარიმდება. არ არის ჩამოყალიბებული წესები, თუ როგორ უნდა მიიტანოს მანქანამ პური მაღაზიამდე. ყველა ბოძზე საჯარიმო კამერებია ჩამოკიდებული, ჯარიმები ავტომატურად იწერება და ქარხნებს დასტებად მისდით. პატარა თანხებზე არ არის საუბარი, ჯარიმების ქვეყანა გახადეს. ინფრასტრუქტურა მოუმზადებელია, მაღაზიებს პროდუქციის მისაღები ბაქანიც კი არ აქვთ", - ამბობს დოლიძე BM.GE-სთან.
კითხვას, რატომ ვერ გადაეწყვნენ საცხობები პურის ღამის ან დილის საათებში მიწოდებაზე, დოლიძე პასუხობს, რომ საცალო ქსელების სამუშაო გრაფიკი ამას გამორიცხავს: "ღამით ვინ ხსნის მაღაზიას? საქართველოში გინახავთ ღამით ან გამთენიისას გახსნილი მაღაზიები? - მე არ მინახავს".
მისივე თქმით, პრობლემის შესახებ არაერთხელ მიმართეს სამინისტროს და საკითხი მედიაშიც წამოსწიეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა. ასოციაციის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ სოციალური პური მინიმალური მარჟით, დაბალ ფასად იყიდება, სატრანსპორტო ხარჯების ამგვარი ზრდა კი მეპურეებს იძულებულს გახდის, გაზრდილი დანახარჯები პროდუქტის საბოლოო ფასში ასახონ.
მალხაზ დოლიძე BM.GE-სთან ხორბლის იმპორტზე დაწესებულ გადასახადსა და ამის გამო ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ფქვილის შესაძლო გაძირებაზეც საუბრობს.
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამ მიდგომას არარაციონალურს უწოდებს და განმარტავს, რომ ადგილობრივ წარმოებას ქვეყნის მოთხოვნის დაკმაყოფილება ფიზიკურად არ შეუძლია.
"რას ახალისებენ? ადგილობრივმა მწარმოებელმა რაც დაამზადა, ის დიდი ხანია, ამოიწურა. საქართველოში სულ 150 000 ტონა მოსავალი მოვიდა, ქვეყანას კი კიდევ 600 000 ტონა სჭირდება. ადგილობრივი წარმოება დეფიციტს ვერ დაფარავს. მაშინ რატომ აძვირებთ ძალაუნებურად?!" - ამბობს მალხაზ დოლიძე.
მისი თქმით, წისქვილკომბინატებს ფქვილის ფასის მატება ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, თუმცა იმპორტის დაბეგრვა წნეხს აუცილებლად გაზრდის.
"ბუნებრივია, თუ იმპორტზე გადასახადის გამო ფქვილი გაძვირდება და ამას სადისტრიბუციო ჯარიმებიც დაემატება, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პურის ფასმა უნდა მოიმატოს", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…