“ფედერალისტების” წევრ ბიზნესმენს ნახევარი მლნ ლარის ჯარიმა დააკისრეს და ქონება დაუყადაღეს
პარტია „ფედერალისტების“ წევრ ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს შემოსავლების სამსახურმა ნახევარი მილიონი ლარით დააჯარიმა და ქონება დაუყადაღა, რასაც ის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

პარტია „ფედერალისტების“ წევრს, ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს 2024 წელს შიდაპარტიულ პრაიმერიზში მონაწილეობის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
სიხარულიძის თქმით, 2024 წლის ივლისში, ოპოზიციური პარტიის პრაიმერიზში მისი მონაწილეობისა და კომპანიის სივრცეში საარჩევნო უბნის მოწყობიდან ათ დღეში, შემოსავლების სამსახურმა მისი სამივე კომპანიის შემოწმება დაიწყო. მანამდე მის კომპანიებში საგადასახადო შემოწმება 11 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.
“ფედერალისტების” განცხადებით, წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებული შვიდი შემოწმების შემდეგ, სიხარულიძის ერთ-ერთ უმოქმედო კომპანიას შემოსავლების სამსახურმა დამატებით ინვენტარიზაცია მოსთხოვა. ბიზნესმენის განცხადებით, მოთხოვნის შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მისი შეუსრულებლობის გამო კი კომპანია ნახევარი მილიონი ლარით დააჯარიმეს.
სიხარულიძის თქმით, რადგან გაუქმებული კომპანიის დაჯარიმებით მას პერსონალურად ზიანს ვერ აყენებდნენ, შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, თავად სიხარულიძე ეღიარებინათ დაჯარიმებული კომპანიის ცრუმაგიერ პირად. 2026 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიხარულიძე კომპანიის ცრუმაგიერ პირად აღიარა, რის შედეგადაც დაყადაღდა მისი პირადი ქონება, საბანკო ანგარიშები და კომპანიებში არსებული წილები.
საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომა 2 დეკემბერს არის დანიშნული. სიხარულიძე საქართველოს სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
სიხარულიძის თქმით, საგადასახადო ორგანოს მოქმედებები მისი პოლიტიკური საქმიანობისა და ხელისუფლების საჯარო კრიტიკის გამო ანგარიშსწორებას ემსახურება.
„როგორც არ უნდა სცადოს ივანიშვილის რეჟიმმა, რა უკანონო ზომებსაც არ უნდა მიმართონ ივანიშვილის მორჩილმა ინსტიტუტებმა, არ გავჩერდები, სანამ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას არ მივაღწევთ, რათა, ერთხელ და სამუდამოდ, თავი დავაღწიოთ უსამართლობის წყევლას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასაქანს არ აძლევს.
ამისთვის არსებითია, რომ 28 ნოემბერს 19:00 საათზე ბევრნი შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, – აცხადებს ის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…