წლის ბოლომდე ფქვილი 55-57 ლარამდე გაძვირდება - "ბარაქა" მიზეზებზე
ხორბალზე დაწესებული 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადის გამო წლის ბოლომდე ერთი ტომარა ფქვილი 55-57 ლარამდე გაძვირდება, აცხადებს კომპანია „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილი.

წისქვილკომბინატების ნაწილში აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ ხორბალზე საიმპორტო გადასახადის დაწესების გამო წლის ბოლომდე ადგილობრივ ბაზარზე ფქვილზე ფასების მატებაა მოსალოდნელი.
როგორც BMG-ის “ბარაქაში” განუცხადეს, ერთ ტონა ხორბალზე დაწესებული 100 ლარიანი გადასახადი პროდუქციის ღირებულებას დაახლოებით 20%-ით ზრდის. შესაბამისად, როგორც “ბარაქას” გენერალური დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი ამბობს, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ერთ ტომარა ფქვილი დაახლოებით 5-7 ლარის ფარგლებში, 55-57 ლარამდე გაძვირდება.
ბიძინაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ღირებულება მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ არსებული ფასები, შესაბამისად, მისი მოლოდინით, ამ მოცულობით ფქვილის გაძვირებამ პურის ფასზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
“[ამ ეტაპზე ფქვილზე] ფასი შევინარჩუნეთ იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ხორბალი გაიაფდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ავიღოთ, გამოდის, რომ [ხორბალზე] 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადი ფაქტობრივად ჩვენს თვითღირებულებას დაახლოებით 20%-ით აძვირებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფქვილის კალკულაციაში ხორბალი არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და აქედან გამომდინარე, თვითონ ფქვილის თვითღირებულება დაახლოებით 20%-ით ძვირი გამოდის, ვიდრე შეიძლება დაგვჯდომოდა ამ გადასახადის გარეშე. აქედან გამომდინარე, ფქვილის ფასიც, რა თქმა უნდა, მოიმატებს იქიდან გამომდინარე, რომ მარაგები რაც გვქონდა, ამოიწურა უკვე და დამოკიდებულები ვართ ახალი ხორბლის მიღებაზე, რომელიც საბაჟო გადასახადის დამატებით პლუს 100 ლარი გამოდის.
დაახლოებით ერთი წლის პერიოდს რომ გადავხედოთ, ფქვილის ფასი საშუალოდ დაახლოებით 60 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ერთი ტომარა 50-კილოგრამიან პირველი ხარისხის ფქვილზეა საუბარი. დღესდღეობით ფქვილის ფასი არის დაახლოებით 48 ლარის ფარგლებში, 46 ლარადაც იყიდება. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ პურის ფასის მატებაზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ ამას ყოველთვის უფრო ნათლად პურის მწარმოებლები გვეუბნებიან ხოლმე და ალბათ მათ უნდა ვკითხოთ. ხორბლის დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე, დაახლოებით 55-57 ლარის ფარგლებში იქნება სამომავლოდ ერთი ტომარა ფქვილის ფასი. ვფიქრობ, ფასის ზრდა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება”, - განაცხადა ლადო ბიძინაშვილმა.
ცნობისთვის, ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ხორბალზე ერთ ტონაზე 100 ლარის მოცულობით გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივ ხორბალზე მოთხოვნისა და ფასის სტიმულირება დასახელდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…