ბორის ჯონსონი: დასავლეთმა უკრაინაში სამხედროები ახლავე უნდა გაგზავნოს - „ნახევრად გულიანი“ მხარდაჭერა პუტინს აძლიერებს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინაში ჯარები ცეცხლის შეწყვეტამდე გაგზავნოს. მისი განცხადებით, მერყევი მხარდაჭერა პუტინს ომის გაგრძელების სტიმულს აძლევს.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინაში სამხედროები დაუყოვნებლივ გაგზავნონ და კიევის მხარდაჭერა გააძლიერონ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
ჯონსონის განცხადებით, დასავლეთის „არასაკმარისი და მერყევი“ მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ომის გაგრძელების სტიმულს აძლევს, ხოლო ცეცხლის შეწყვეტამდე სამხედროების გაგზავნის გადადება არასწორია.
ჯონსონმა ამის შესახებ სამეფო გაერთიანებული სამხედრო კვლევების ინსტიტუტში (RUSI) გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების უფრო მტკიცე მხარდაჭერის გარეშე უკრაინელები ყოველკვირეულად ათიათასობით ადამიანს დაკარგავენ.
ექსპრემიერის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინას მეტი რაკეტა და სატელიტური შესაძლებლობები უნდა მიაწოდოს, რათა ქვეყანამ რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელება შეძლოს. მან ასევე კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის ნატოში გაწევრიანება.
ჯონსონმა გაიხსენა, რომ მსგავსი მოწოდებით მიმდინარე წლის დასაწყისშიც გამოვიდა და მიიჩნევს, რომ ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში სამხედროები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდე უნდა გაგზავნონ.
„თუ უკრაინელები ნამდვილად თავისუფლების წინა ხაზზე იბრძვიან, რატომ არ ვიქცევით ისე, თითქოს ამას მართლაც ვგულისხმობთ? ჩვენ უნდა დავასრულოთ ნახევრად გულიანი მიდგომა და მერყეობა. პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი განზრახვა მტკიცეა“, - განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც პუტინი დაინახავს, რომ დასავლეთი თავისუფალი უკრაინის მხარდაჭერას მტკიცედ აპირებს. ეს კი, ჯონსონის შეფასებით, იმასაც გულისხმობს, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა მკაფიოდ და უპირობოდ უნდა მიეცეს, თუკი ამას თავად კიევი მოისურვებს.
ჯონსონმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების შემთხვევაში, პუტინს შეეძლება განაცხადოს, რომ დასავლეთმა უკრაინელები მიატოვა და მათ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედიც გაუცრუა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ უკრაინელებს საერთო ისტორიისა და წარმომავლობის გამო რუსეთთან უნდა დაეკავშირებინათ მომავალი და არა დასავლეთთან.
„ეს არის ის, რისი თქმაც მას სურს. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არსებობს რისკი - რისკი იმისა, რომ ამ ყველაფრის ბოლოს უკრაინას გაურკვეველ მდგომარეობაში დავტოვებთ, კორუფციისთვის მოწყვლადს და კვლავ მოსკოვის გავლენის სფეროში დაბრუნების საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ჯონსონის შეფასებით, სწორედ ეს რისკი აძლევს პუტინს ომის გაგრძელების შესაძლებლობას და ამის ერთ-ერთი მთავარი მოტივია. მისი თქმით, სანამ რუსეთის პრეზიდენტს ექნება იმედი, რომ უკრაინა კვლავ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდება, ომს არ შეწყვეტს.
„ამიტომ მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა დასავლეთის მხრიდან უკრაინის მომავლის შესახებ არსებული საბედისწერო გაურკვევლობის დასრულებაა“, - აღნიშნა ჯონსონმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…