კულტურის მინისტრი მაია ბითაძე შეკვეთილში, "სთარინგ ჯორჯიას" (Starring Georgia) სისტემაში გაერთიანებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე შეკვეთილში „სთარინგ ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურას გაეცნო, სადაც პარკების განახლებასთან ერთად 2027 წელს დინოზავრების პარკის გახსნა იგეგმება.

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ მოადგილესთან, ნათია შამათავასთან ერთად, შეკვეთილში "სთარინგ ჯორჯიას" ეკოსისტემაში გაერთიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია შპს "სთარინგ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძისგან, დირექტორ თამარ ჩხაიძისგან და პროექტების ხელმძღვანელისგან ციცი იაშვილისგან მოისმინა.
"სთარინგ ჯორჯია" ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელმაც საქართველო საერთაშორისო კულტურული და გასართობი ინდუსტრიის რუკაზე წარმოაჩინა, როგორც მსოფლიო დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა.
"მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობა ზრდის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას, ხელს უწყობს ტურიზმის, მათ შორის მუსიკალური ტურიზმის განვითარებას და ზრდის ვიზიტორთა ნაკადებს. საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს არა მხოლოდ ქვეყანა, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან, არამედ ქვეყანა, რომელიც თავად ხდება საერთაშორისო კულტურული მოვლენების შექმნისა და განვითარების ადგილი. მსოფლიო დონის სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებების მასპინძლობის პარალელურად, მნიშვნელოვანია ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებით ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობაა. ამ მიმართულებით გამორჩეულია შეკვეთილის ეკოსისტემა", - განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასშტაბურია სამუშაოები, რასაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით "სთარინგ ჯორჯია" ახორციელებს. გარდა იმისა, რომ წესრიგდება ინფრასტრუქტურა პარკებში, მასშტაბური სამუშაოები იწყება სასცენო გადახურვის რეაბილიტაციის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "სთარინგ ჯორჯიას" საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობისთვის.
"სთარინგ ჯორჯიას" ეკოსისტემაში გაერთიანების შემდეგ, განახლების სამუშაოები ჩატარდა პარკ "ციცინათელაში" - მოწესრიგდა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სისტემები, დაინერგა შესვლის ახალი სისტემა, მიმდინარეობს ატრაქციონების, კვების ობიექტებისა და მოსასვენებელი სივრცეების განახლება.
2026 წლის სეზონისთვის სრულად განახლდა პარკი "საქართველო მინიატურებში" - რესტავრაცია ჩაუტარდა ყველა მინიატურულ ძეგლს; მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და შეიცვალა განათების სისტემა.
შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიხსნა ახალი სივრცე - "ჰეკატეს ბაღი", რომელიც აერთიანებს მცენარეთა კულტურას, გასტრონომიას, დიზაინსა და განათლებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი პროდუქციის წარმოჩენას: სივრცეში წარმოდგენილია გურიის ღვინისა და ჩაის კულტურა, რაც რეგიონული მეწარმეობის მხარდაჭერასა და გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ემსახურება. ბაღი აქტიურად ავითარებს საგანმანათლებლო მიმართულებასაც. კამპანიას "გახდი ჰეკატეს ბაღის შეგირდი" ათობით სკოლა შეუერთდა.
შეკვეთილის ეკოსისტემას 2027 წლის სეზონიდან ახალი პროექტი - "დინოტოპია" შეემატება. საქართველოში ყველაზე დიდი დინოზავრების პარკის კონცეფცია 50-მდე დინოზავრისა და პრეისტორიული ხანის ქმნილების მოდელს, ასევე შემეცნებით და ინტერაქციულ სივრცეებს გააერთიანებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…