ზელენსკისთვის არასერიოზულია ლუკაშენკას ინიციატივა მოსკოვში ერთად ჩასვლის შესახებ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასერიოზული უწოდა ალექსანდრ ლუკაშენკას ინიციატივას მოსკოვში ერთად ჩაფრენისა და პუტინთან მოლაპარაკებების შესახებ: „ჩემოდანი ხომ არ ვგონივარ?!“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ნოემბერს ღამით უკრაინულ ტელეარხს Новини.LIVE-ს განუცხადა, რომ ომში არიან და ის და პუტინი მოსკოვში, ან კიევში ვერ შეხვდებიან, ამიტომ, როცა ვინმე ამას ამბობს, „ეს უბრალოდ, არასერიოზული საუბარია“.
უკრაინის პრეზიდენტმა ირონიულად უპასუხა ბელარუსის მმართველის შეთავაზებას მოსკოვში ერთად ჩაფრენის შესახებ: „ჩემოდანი ხომ არ ვგონივარ?!“
ზელენსკის შეფასებით, მსგავსი „არაკონსტრუქციული ინიციატივები მხოლოდ საინფორმაციო სივრცეს აბინძურებს“ და ხელს არ უწყობს ომის დასრულების მოახლოებას.
მაშინ „თვითონ წავიდეს ფრონტზე ავტომატით“
ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტიც ბელარუსის სახელმწიფო მედიამ 24 ნოემბერს გაავრცელა, განაცხადა, რომ მზად არის ზელენსკის „უსაფრთხოების გარანტი“ იყოს და მოსკოვში ერთად ჩავიდნენ პუტინთან სასაუბროდ:
„ჩვენ, ვოლოდია ზელენსკისთან ერთად დავჯდებოდით და ჩავფრინდებოდით მოსკოვში“.
ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ზელენსკი ამას არ დასთანხმდება, ლუკაშენკამ უპასუხა, რომ მაშინ „თვითონ წავიდეს ფრონტზე ავტომატით და იომოს“.
ლუკაშენკა მიიჩნევს, ფრონტზე პუტინი იმარჯვებს, ომი უნდა დასრულდეს და ნებისმიერ შემთხვევაში, რეგიონში საკუთარი მომავალი უნდა გადაწყვიტონ ბელარუსმა, უკრაინამ და რუსეთმა.
უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულებაზე სასაუბროდ, მაგრამ არა რუსეთის ტერიტორიაზე.
საპასუხოდ კრემლში არაერთხელ განაცხადეს, რომ ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…