მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
მიხაილო მუდრიკმა უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია და ანდრეი შევჩენკო მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის მოხვედრაში დაადანაშაულა. ფეხბურთელმა ასევე უარყო რუს მოდელ ვიოლეტა გრაჩევასთან რომანტიკული ურთიერთობა და მათ მხოლოდ მეგობრობა უწოდა.

ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა მიხაილო მუდრიკმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს ვრცელი და სკანდალური ინტერვიუ მისცა. როგორც მან განაცხადა, სავარაუდოდ, აკრძალული პრეპარატი "მელდონიუმი" მის ორგანიზმში უკრაინის ნაკრებში ყოფნის პერიოდში მოხვდა.
"ტოტენჰემში" განათხოვრებულმა ფეხბურთელმა ამაში ბრალდება უკრაინის საფეხბურთო ასოციაციას დააკისრა და ორგანიზაციის პრეზიდენტ ანდრეი შევჩენკოზე თქვა, რომ რთულ პერიოდში მისგან მხარდაჭერა არ მიუღია.
"შევჩენკო დასახმარებლად არ დამკავშირებია. უბრალოდ მკითხა როგორ ვიყავი და ისედაც ცხადი იყო, რომ კარგად ნამდვილად ვერ ვიქნებოდი. მგონი დამირეკა, მაგრამ მისგან მხარდაჭერა და თბილი სიტყვები არ მახსოვს. რაიმე თბილად, რომ ეთქვა, დამამახსოვრდებოდა.
აკრძალული პრეპარატი, რომელიც ჩემს ორგანიზმში მოხვდა, მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაშია ხელმისაწვდომი. ის ორგანიზმში მხოლოდ უკრაინიდან შეიძლება მოხვედრილიყო, ინგლისში მსგავსი რამ არ არსებობს.
უკრაინის ნაკრებში იმდენი ვერსია შეიძლება ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა ეს ნივთიერება ორგანიზმში, უმარტივესიდან დაწყებული, ყველაზე რთულით დამთავრებული, რომ ჩამოსათვლელად ორივე ხელის თითები არ მეყოფა.
უკრაინის ეროვნულ ნაკრებში უსაფრთხოების სისტემა საერთოდ არ არსებობს. არადა, მატჩების დროს ის ისეთივე მაღალ დონეზე უნდა იყოს, როგორიც კლუბებშია, სადაც ამას სპეციალურად დანიშნული პირები აკონტროლებენ. ნაკრებს ჰყავს ნუტრიციოლოგი, რომელიც ორ დღეში ერთხელ ყველას აწვდის ჭიქას, მასში მოთავსებული აბები კი ყველამ უნდა მიიღოს.
საჯაროდ არასდროს მითქვამს, რომ ამაში უკრაინის ნაკრებში არსებული ვითარებაა დამნაშავე, მაგრამ ახლა ვამბობ. ვადანაშაულებ თუ არა უკრაინის ნაკრებში პროცესების ორგანიზებას? - დიახ, რაც მე დამემართა, იმაში უკრაინის ნაკრებში არსებულ ორგანიზაციულ ხარვეზებს ვადანაშაულებ.
საბოლოო ჯამში, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ (UAF) ისეთი იერი მიიღო, თითქოს დახმარებას ცდილობდა, მაგრამ სინამდვილეში, დახმარების ნაცვლად, მათ მხოლოდ დამატებითი პრობლემები შექმნეს".
მუდრიკის ამ განცხადებას შევჩენკომ უპასუხა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელმა ბრალდება უნდა დაასაბუთოს, ან ბოდიში მოიხადოს.
"როდესაც მუდრიკი "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა, კლუბმა ნაკრებს მიმართა, რომ მისთვის არანაირი მედიკამენტი არ მიეცათ, სამედიცინო შტაბმა კი ეს მოთხოვნა გაითვალისწინა. მას იმჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა საკუთარი ორი სპეციალისტის თანხლების უფლებაც მისცა, რომლებიც ფეხბურთელის რეჟიმსა და აღდგენას აკონტროლებდნენ.
"მიხაილომ ბრალდებები უნდა დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიტყვები უკან წაიღოს და ბოდიში მოიხადოს. ბოდიში ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლების პატიოსნებაცა და პროფესიონალიზმიც მან ეჭვქვეშ დააყენა", - აღნიშნა შევჩენკომ.
მუდრიკმა ასევე პირველად დეტალურად ისაუბრა თავის პირად ცხოვრებასა და რუს მოდელ ვიოლეტა გრაჩევასთან შესაძლო ურთიერთობაზე გავრცელებულ ხმებზე. მან უარყო, რომ ისინი წყვილს წარმოადგენდნენ და განმარტა, რომ სინამდვილეში მეგობრები იყვნენ.
მუდრიკის თქმით, მასა და გრაჩევას შორის მეგობრული ურთიერთობა იყო, თუმცა რომანტიკული კავშირი - არა. ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ მათ ურთიერთობას "ურთიერთობად" (რომანტიკული გაგებით) არ მიიჩნევს.
"ჩვენ მეგობრები ვიყავით. ურთიერთობა მაშინ არის, როცა ადამიანები ერთად ცხოვრობენ. ჩვენ წყვილი არ ვყოფილვართ. ვსაუბრობდით თუ არა ომზე? - დიახ, ვსაუბრობდით. მას ესმოდა, რა ხდებოდა. მან თავისი პოზიციაც მკაფიოდ დააფიქსირა, რის გამოც მეგობრები ვიყავით.
ვიოლეტას სიტუაცია, რომ არ გაეგო და მისი პოზიცია სრულიად მიუღებელი ყოფილიყო, ჩვენთვის ყველაფერი რთული იქნებოდა. დრე თუ გვიან, ასეთი საუბრები მაინც შედგებოდა. ეს მნიშვნელოვანი თემაა. თუ ასეთ საკითხზე საერთო ენას ვერ გამონახავთ, მაშინ რთული იქნება", - თქვა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში მუდრიკს დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან მის ორგანიზმში მელდონიუმი აღმოაჩინეს. მიხაილოს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, თუმცა 2026 წლის ზაფხულში სასჯელი გაუქმდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…