გამჭვირვალობა: პატიმრების კვებაზე 152.4 მილიონის კონტრაქტი გაუფორმეს გამოუცდელ კომპანიას
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების კვებაზე 152.4 მილიონი ლარის კონტრაქტი უკონკურენტოდ გაუფორმა გამოუცდელ კომპანიას, რომლის 33%-იანი წილი ტენდერის დღეს სუსის ყოფილ თანამშრომელს გადაეცა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს ინფორმაციას სათაურით - "ვის ჩააბარა სახელმწიფომ 1.3 მილიარდი კონკურენციის გარეშე". გამჭვირვალობის ცნობით, წელს ტენდერების თითქმის ნახევარში მხოლოდ ერთი პრედენდენტი მონაწილეობდა, რის გამოც შესყიდვები ბიუჯეტს 15 მილიონით ძვირი დაუჯდა.
"1.31 მილიარდი ლარი კონკურენციის გარეშე: ვის ჩააბარეს სახელმწიფო უწყებებმა ხალხის ფული? 2026 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ჩატარებული 16 222 სახელმწიფო ტენდერიდან თითქმის ნახევარში (45%) მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.
უკონკურენტო გარემოს გამო ხელშეკრულებები ბიუჯეტს დაახლოებით 150 მილიონი ლარით ძვირი დაუჯდა, ვიდრე რეალური კონკურენციის პირობებში დაჯდებოდა. მეტიც, 572 მილიონი ლარის ღირებულების 2 883 ტენდერში საწყისი ფასი საერთოდ არ შემცირებულა და სახელმწიფომ ერთი თეთრიც ვერ დაზოგა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ"შეისწავლა, როგორ იხარჯება 1.3 მილიარდი კონკურენციის გარეშე
აღნიშნულია, რომ ყველაზე მსხვილი უკონკურენტო შემსყიდველი პენიტენციური სამსახურია (203.7 მილიონი ლარი). ციხეებში საკვების ხარისხზე ატეხილი სკანდალის შემდეგ, უწყებამ პატიმრების კვებაზე 152.4 მილიონი ლარის კონტრაქტი კონკურენციის გარეშე გაუფორმა გამოუცდელ კომპანია "გიორგი 2020"-ს. ზუსტად ტენდერის გამოცხადების დღეს, 3 აპრილს, კომპანიის 33%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა სუსის ყოფილ თანამშრომელს, ირაკლი ლეთოდიანს.
ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტებმა კონკურენციის გარეშე 625 მილიონი ლარი დახარჯეს. თანხის მოცულობით თბილისი (277 მილიონი) და ბათუმი (63 მილიონი) ლიდერობენ, ხოლო უკონკურენტო ტენდერების წილით ამბროლაური (61%), თერჯოლა (59%) და ხულო (55%).
"ფავორიტებზე მორგებული პირობები: კონკურენციას ხშირად კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული მოთხოვნები აქრობს, როგორიცაა ბათუმის მერიის მოთხოვნა 30 კილომეტრის რადიუსში ასფალტის ქარხნის ფლობაზე (შპს „გზის“ 29.2 მილიონიანი ტენდერი) ან რკინიგზის მიერ მოთხოვნილი 20 წლიანი გამოცდილება, რომლითაც თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის კომპანიამ გაიმარჯვა. ყველაზე მეტი თანხა უკონკურენტოდ სამშენებლო სფეროში გაიცა (517.9 მილიონი ლარი).
დამალული სტატისტიკა: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ანგარიშებში „კონკურენციის ზრდაზე“ საუბრობს, თუმცა 2019 წლიდან დღემდე არცერთ წლიურ ანგარიშში არ ამხელს მთავარს, რომ ტენდერების თითქმის ნახევარში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს", - აღნიშნავს გამჭვირვალობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…