ნატო-ს პრესსპიკერი - პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, ნატო ევროპაში დამატებითი სამხედრო საშუალებების განლაგების საკითხს განიხილავს
პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ობიექტების შეჭრის შემდეგ, ნატო ევროპაში დამატებითი სამხედრო საშუალებების განლაგებას განიხილავს, - ამის შესახებ ალიანსის პრესსპიკერი ალისონ ჰარტი აცხადებს. მისი თქმით, მომხდარზე რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება და პოლონეთში AWACS-ის თვითმფრინავი განთავსდება.

პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, ნატო ევროპაში დამატებითი სამხედრო საშუალებების განლაგების საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი ალისონ ჰარტი ავრცელებს.
ალისონ ჰარტის ცნობით, ალიანსის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში ნატო-ს ელჩების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გასულ კვირას პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევა განიხილეს.
ჰარტის თქმით, მომხდარის ფონზე ნატო პოლონეთში AWACS-ის ტიპის ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის სადაზვერვო თვითმფრინავს განალაგებს.
„ეს სახიფათო ინციდენტი იყო და რუსეთს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ახლა დამატებითი საშუალებების განლაგების საკითხს განიხილავს, ასევე, პოლონეთსა და სხვა ტერიტორიებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიციების შეფასებას აგრძელებს. ყველა მოკავშირე სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს“, - წერს ნატო-ს პრესსპიკერი X-ზე.
შეგახსენებთ, 20 ნოემბერს დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს, სამი რუსული საფრენი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. საფრენი ობიექტები პოდკარპაცკიეს რეგიონში (ორ ადგილას) და ლუბლინის რეგიონში (ერთ ადგილას) ჩამოვარდა. პოლონეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა „ხ-101“ ტიპის ფრთოსან რაკეტას, ორ შემთხვევაში, კი - რაკეტისა და რეაქტიული დრონის ჩამოვარდნას. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…