გერმანიის თავდაცვის მინისტრი: გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში უკრაინისთვის დახმარების შემცირების მსურველთა რიცხვი იზრდება
გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ბერლინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვით მოქალაქეების თითქმის ნახევარი დახმარების შემცირებას ან შეწყვეტას ემხრობა.

გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში უკრაინისთვის დახმარების შემცირების მსურველთა რიცხვი იზრდება. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle-ს კითხვის საპასუხოდ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
ყოველკვირეულ გამოცემა Welt am Sonntag-ის დაკვეთით სოციოლოგიური ინსტიტუტის, YouGov-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის შედეგები, რომელიც 21 ნოემბერს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ გერმანიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი უკრაინისთვის დახმარების შემცირებას ან სრულად შეწყვეტას უჭერს მხარს.
ყველა ადამიანი - პირველ რიგში ეს უკრაინის მოსახლეობას ეხება, თუმცა ყველა დანარჩენსაც - ამ ომის გამო „გარკვეულ დაღლილობას გრძნობს“, აღნიშნა პისტორიუსმა.
„ომი ჭიანურდება, დიდ ხარჯებს მოითხოვს და შეშფოთებას იწვევს. ამ სამივე ასპექტს კი მასიურად აძლიერებს რუსული პროპაგანდა გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) სიამოვნებით იმეორებს ვლადიმირ პუტინის ნარატივს, თითქოს საქმე ომის გაჩაღებას ეხება, თითქოს „ომში გვითრევენ“ და „ეს ჩვენი ომი არ არის“.
„და ეს ყველაფერი მცდარია, რადგან ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვსურს მისი თავიდან აცილება, არ გვინდა ამ ომის გაფართოება“,- ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
„მაგრამ ამავდროულად მკაფიო უნდა იყოს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი აგრესორის - რუსეთის წინააღმდეგ“, - განაგრძო მან.
„საქმე ეხება ბრძოლას ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განმარტა პისტორიუსმა. - „ვითარება ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სტაბილურობას აგრესიულად მოქმედი რუსეთის პირისპირ, რომელიც არავითარ ეჭვს არ ტოვებს იმის თაობაზე, თუ სად ხედავს საკუთარ ადგილს გლობალურ მსოფლიო წესრიგში“, - აღნიშნა მან.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მან ეს ომი არ მოიგოს და უკრაინაში რაც შეიძლება მალე დამყარდეს მდგრადი, გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობა“, - დასძინა მინისტრმა.
პისტორიუსის თქმით, „ჩვენ ამის შესახებ მკაფიოდ განვაცხადებთ საზოგადოებრივი დისკუსიის დროს“, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება უფრო გართულდება, „რადგან საქმე ეხება პრინციპებსა და გერმანიისა და ნატოს უსაფრთხოებას“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…