ბიძინა გიორგობიანი ფონიჭალის ტრაგედიასთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე: „ყველაფერში ჩასაფრებულის პოზიციიდან არიან და ცდილობენ, ამ უმძიმეს ტრაგედიაშიც კი „სარგებელი“ ნახონ. იმედებს იმაზე ამყარებენ, რომ აქ რაღაც ისეთი ნეგატივი მოხდეს, რაც ხალხში მღელვარებას გამოიწვევს – ესენი ელიან კოშმარს, რომელიც ადამიანებს იმ ზომამდე მიიყვანს, რომ ქუჩაში გამოვლენ, რევოლუციას მოაწყობენ და ხელისუფლებას დაამხობენ“
ბიძინა გიორგობიანი ოპოზიციას ბრალს სდებს, რომ ფონიჭალის ტრაგედიიდან სარგებლის მიღებას ცდილობენ და ელიან კოშმარს, რათა ხალხმა რევოლუციით ხელისუფლება დაამხოს.

„ყველაფერში ჩასაფრებულის პოზიციიდან არიან და ცდილობენ, ამ უმძიმეს ტრაგედიაშიც კი „სარგებელი“ ნახონ. იმედებს იმაზე ამყარებენ, რომ აქ რაღაც ისეთი ნეგატივი მოხდეს, რაც ხალხში მღელვარებას გამოიწვევს – ესენი ელიან კოშმარს, რომელიც ადამიანებს იმ ზომამდე მიიყვანს, რომ ქუჩაში გამოვლენ, რევოლუციას მოაწყობენ და ხელისუფლებას დაამხობენ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ფონიჭალის ტრაგედიასთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
„ერთ-ერთმა მათმა პროპაგანდისტმა ეს ტრაგედია სერბეთში მეტროსადგურის ჩამონგრევას შეადარა და თქვა, რომ იქ ეს რევოლუციური მოძრაობის ახალი ტრიგერი იყო და შეიძლება საქართველოშიც ასე იყოსო. ანუ, ნეგატიური იმპულსი მათ სჭირდებათ. აქ ძალიან მძიმე სოციალურ კასტასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის სექტა, რადგან სექტას რაღაცის მაინც სწამს. ეს არის ძალიან მძიმე სოციალური სეგმენტი, რომელიც საშიშია, სხვათა შორის, საზოგადოებისთვის და მომავლისთვის.
არ იციან თან, რომ სერბეთში ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, ის ახალი ხელისუფლება, ვუჩიჩის ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ არის კომკავშირული წარსულისა და პარტიული აქტივისტებისგან შემდგარი – უფრო პატრიოტები მოვიდნენ იქ ხელისუფლებაში, რომლებიც, როგორც ჩანს, ეკლესიურად ცხოვრობენ და განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ თავიანთი ქვეყნისადმი, ვიდრე ვუჩიჩს. ვუჩიჩი კომპრომისებზე წამსვლელი იყო ხოლმე, ევროკავშირის ჩინოვნიკებს რომ ხვდებოდა, ეს ხალხი კი უფრო სხვანაირი ხალხია. ეს არ იციან ამ რადიკალებმა და საკუთარ მომავალ იმედებს იმაზე ამყარებენ, რომ აქ რაღაც ისეთი ნეგატივი მოხდება, რითაც გამოიწვევენ მღელვარებას, რომელსაც ქუჩაში რევოლუცია მოჰყვება. ამას ელიან – ესენი ელიან კოშმარს, რომელიც ადამიანებს იმ ზომამდე მიიყვანს, რომ ქუჩაში გამოვლენ და დაამხობენ ხელისუფლებას.
რაც შეეხება ამ უმძიმეს ტრაგედიას – ეს არის უმძიმესი და ძალიან ძნელად გადასატანი ყველასთვის, მით უმეტეს, ჩვენნაირი პატარა ერისთვის. მთავრობა იქნება, ქალაქის მერია თუ ვინც იქნება, ეს არის ძალიან მძიმე. სანამ იქ ტენდერი გამოცხადდება, სანამ შესყიდვები ჩატარდება და ა.შ., ღვთის წყალობით, არის ადამიანი, რომელსაც აქვს ამის ფინანსური საშუალება და ასეთი მორალის ადამიანია – ამბობს, რომ ამ ადამიანებს საცხოვრებელს უყიდის. თუ შენ ოპოზიცია ხარ და არ გძინავს იმაზე ფიქრით, როგორ დაამხო ეს ხელისუფლება, შეიძლება არ გამოხვიდე და არ თქვა, რა კარგი რამ გააკეთა ამ ადამიანმაო, მაგრამ გაჩუმება მაინც შეგეძლოს. ასეთ დროს ისეთ მეტყველებას, როგორც ესენი საუბრობენ, სჯობს საერთოდ არაფერი თქვან და გაჩუმდნენ. მაგრამ არ შეუძლიათ ეს, იმხელა ბოღმით ცხოვრობენ – დადუმებაც კი არ შეუძლიათ, არათუ იმის თქმა, რომ კარგზე კარგი თქვან და ცუდზე – ცუდი“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…