პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჯენსენ ჰუანგი Nvidia-ს პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის თანამდებობებზე აღადგინეს

Nvidia-მ განაცხადა, რომ ჯენსენ ჰუანგი პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის თანამდებობებზე აღადგინეს. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თქმით, გადაწყვეტილება აშშ-ის ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება და პროცესი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის.

ჯენსენ ჰუანგი Nvidia-ს პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის თანამდებობებზე აღადგინეს
იმედინიუსი

ხელოვნური ინტელექტის ჩიპების უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა, კომპანია Nvidia-მ განაცხადა, რომ ჯენსენ ჰუანგი კომპანიის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის თანამდებობებზე აღადგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ჰუანგთან გამართული განხილვებისა და შეხვედრების სერიის შემდეგ, რის შედეგადაც საბჭო „კმაყოფილი დარჩა მისი პატიოსნებითა და კომპანიის მართვის უნარით“.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში დირექტორთა საბჭომ მიიღო ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საბჭო დარწმუნებულია, რომ ბატონი ჰუანგის თანამდებობაზე აღდგენა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის“, - აღნიშნულია Nvidia-ს პრესრელიზში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თანამდებობაზე აღდგენილმა დირექტორმა აიღო ვალდებულება, ითანამშრომლოს დამოუკიდებელ კომიტეტთან, რომელიც აწარმოებს შიდა გამოძიებას გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმადაც ჰუანგი „უცხოური დაზვერვის ყურადღების ობიექტი გახდა“.

ამ სიახლის ფონზე, Nasdaq-ის ბირჟაზე Nvidia-ს აქციების ფასი 20%-ით გაიზარდა.

Nvidia-ს დამფუძნებელი და მრავალწლიანი ხელმძღვანელი ყველა თანამდებობიდან ნოემბრის შუა რიცხვებში მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში გავრცელდა პუბლიკაციები მისი სავარაუდო ურთიერთობის შესახებ ჩინეთის მოქალაქესთან, რომელსაც აშშ-ის სპეცსამსახურები ჩინეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვობენ. მოგვიანებით ასევე გახდა ცნობილი ჰუანგის სხვა სავარაუდო რომანტიკული ურთიერთობის შესახებ Nvidia-ს ერთ-ერთ ტოპ-მენეჯერთან.

ჰუანგის გადადგომის შემდეგ აშშ-ში მის მხარდასაჭერად საჯარო კამპანია დაიწყო. მისი თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით შედგენილ ღია წერილს შეუერთდნენ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი და Epic Games-ის დირექტორი ტიმ სუინი.

კომპანია Nvidia-ს აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ ტექნოლოგიურ ლიდერად მიიჩნევა. მის მიერ წარმოებული ჩიპები გამოიყენება თანამედროვე AI-მოდელების სწავლებისა და მუშაობისთვის, სუპერკომპიუტერების შესაქმნელად, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარებისა და მონაცემთა დიდი მასივების დასამუშავებლად. Nvidia საკვანძო როლს ასრულებს ვაშინგტონსა და პეკინს შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობისთვის მიმდინარე დაპირისპირებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიჯენსენ ჰუანგი NVIDIA-ს დირექტორის პოსტზე დაბრუნდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Nvidia-ს ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებული ქალი ჩიპების კონტრაბანდის ქსელში ფიგურირებს – FTწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები