საფრანგეთის შს მინისტრი: აქციებზე გამოსულები სახეს იფარავენ, თავს ესხმიან სამართალდამცველებს, ცდილობენ მაღაზიების გაძარცვას და ცენტრალურ უბნებში შეჭრას - ამ ყველაფრის აღსაკვეთად, უსაფრთხოების ზომებს ვამკაცრებთ
საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციებისას შეტაკებები მოხდა და კიდევ 144 ადამიანი დააკავეს. შს მინისტრ ლორან ნუნესის თქმით, რადიკალური ჯგუფების თავდასხმების აღსაკვეთად უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.
საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ დაწყებული პროტესტი არ წყდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული. დააკავეს კიდევ 144 ადამიანი.
პარიზში, ლიონში, გრენობლში, ბორდოსა და მონპელიეში ძალოვნებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
პროფკავშირები და სტუდენტური გაერთიანებები მინიმალური ხელფასის გაზრდას, განათლებისა და სოციალური სისტემის რეფორმას ითხოვენ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის განცხადებით, ულტრამემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები და მათი მომხრეები აქციებზე კვლავ გამოდიან.
"კვლავ გამოდიან ულტრამემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები და მათი მომხრეები. ისინი სახეს იფარავენ, თავს ესხმიან სამართალდამცველებს, ცდილობენ მაღაზიების გაძარცვას და ქალაქის ცენტრალურ უბნებში შეჭრას. ამის საშუალებას არ ვაძლევთ, ამ ყველაფრის აღსაკვეთად უსაფრთხოების ზომებს ვამკაცრებთ. ჩატარდება მათი შემოწმება და ჩხრეკა, ვინც საპროტესტო აქციებზე მიდიან", - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…