ანდრო ჭიჭინაძე საკონსტიტუციოში ასაჩივრებს სასამართლოებში ფოტო-ვიდეოგადაღების აკრძალვას
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს სასამართლოებში ფოტო-ვიდეოგადაღების აკრძალვას და ამტკიცებს, რომ ეს ნორმა კონსტიტუციით დაცულ სამ უფლებას არღვევს. სარჩელის თანახმად, შეიზღუდა მისი უფლება, რომ საქმე განხილულიყო რეალურად საჯარო გარემოში.

მას მიაჩნია, რომ კანონში მსგავსი ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ სამ უფლებას: პიროვნების თავისუფლება (მუხლი 12), გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 17) და საპროცესო უფლებები (მუხლი 31).
სასამართლოებში ჟურნალისტებისთვის ფოტო-ვიდეოგადაღებასა და აუდიოჩაწერაზე აკრძალვა 2025 წლის 26 ივნისიდან მოქმედებს. ახალი წესით მედიასაშუალებებს მსგავს ნებართვას აძლევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც ჭიჭინაძის საქმის სააპელაციო სასამართოში განხილვის დაწყების შემდეგ გადაღების მოთხოვნით „TV პირველმა“ და „პუბლიკამ“ არაერთხელ მიმართეს. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„გასაჩივრებული ნორმა უშუალოდ ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე იქნა გამოყენებული; სწორედ ამ ნორმის საფუძველზე საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა სრულად ენახა სასამართლო პროცესი; შედეგად, შეიზღუდა მოსარჩელის უფლება, რომ საქმე განხილულიყო რეალურად საჯარო გარემოში“, - წერია საკონსტიტუციო სარჩელში.
სასამართლოში გადაღების აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს ონლაინმედიების „პუბლიკისა“ და „ბათუმელების“ ჟურნალისტებმაც. მათ მიაჩნიათ, რომ ახალი კანონით ირღვევა კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს.
რატომ დააკავეს ჭიჭინაძე?
2024 წლის 28 ნოემბერს, როცა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, დედაქალაქის ქუჩები ხალხმრავალმა დემონსტრაციებმა მოიცვა.
დემოსნტაციების ძალადობრივად დაშლი მიუხედავად, მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ მაინც იკრიბებოდნენ. აქციებზე დაშავდნენ პოლიციელებიც.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას ედავებოდა 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელის მიმართულებით ჯოხის სროლას. მას და მასთან ერთად გასამართლებულ 10 ადამიანს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტების საქმის საქალაქო სასამართლოში განხილვის დროს სასამართლო სხდომების გადაღება შესაძლებელი იყო. ადვოკატები ტელეკამერის თანდასწრებით უხსნიდნენ მოსამართლეს, რა უზუსტობები იყო საქმეებში.
უცნობია, უკავშირდება თუ არა ფოტო-ვოდეოგადაღების აკრძალვის დაწესება ამ საქმეების განხილვას, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები ამ პროცესს დროში დაემთხვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…