ესპანეთის პოლიციამ გასულ კვირას გამართული საყოველთაო გაფიცვის დროს მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა - Amnesty International
Amnesty International-ის ცნობით, ესპანეთის პოლიციამ საყოველთაო გაფიცვის დროს მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, რის გამოც 36 ადამიანი დაშავდა.

ესპანეთის პოლიციამ გასულ კვირას გამართული საყოველთაო გაფიცვის დროს მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, - ამის შესახებ Reuters-ი ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს.
Amnesty International-ის განცხადებით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც 36 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მათ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევები დააფიქსირეს ბარსელონაში, მალაგაში, ვალენსიაში, ალიკანტესა და გრანადაში, ასევე მადრიდში. ორგანიზაციის განცხადებით, მადრიდში პოლიცია აქციის დაშლის დაწყებამდე დემონსტრანტებს არ აფრთხილებდა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაფიცვის მომდევნო დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დემონსტრაციების დროს წიწაკის სპრეის გამოყენება შეიზღუდებოდა.
ხუთშაბათს, მადრიდის პოლიციამ შიდა მოკვლევა დაიწყო, რათა დედაქალაქში პოლიციელების მოქმედებები შეეფასებინა.
Amnesty International-ის განცხადებით, გაფიცვის გაშუქებისას ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელკეტებით სცემეს.
ორგანიზაციის ცნობით, მათი დასკვნები 24 ადამიანთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. Amnesty-მ ხელისუფლებას მოუწოდა, “საფუძვლიანად გადახედოს იმ პროტოკოლებსა და წესებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მოქმედებებს არეგულირებს“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…