ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის საზღვრების ჩაკეტვას სთხოვს - „ასეთი რაოდენობის ადამიანების შემოწმება შეუძლებელია“
ლატვიის პრემიერ-მინისტრი ანდრის კულბერგსი ევროკავშირს რუსეთის ყველა მოქალაქისთვის შენგენის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ასიათასობით რუსი ტურისტის სათანადო შემოწმება შეუძლებელია და ბლოკში მათი შეშვება დიდ საფრთხეს შეიცავს.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის შენგენის ზონის საზღვრები ჩაკეტოს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ლატვიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეძლებს იმ ასიათასობით რუსი ტურისტის სათანადო შემოწმებას, რომლებსაც ბლოკში შესვლის შესაძლებლობა კვლავ აქვთ.
„ამჟამად ევროკავშირში ამდენი ადამიანის შემოშვება ძალიან სახიფათოა. არ უნდა დავუთმოთ რუსეთს და სისუსტე არ უნდა გამოვავლინოთ. ამდენი ადამიანის შემოწმებას ვერავინ შეძლებს“, - განაცხადა კულბერგსმა.
ლატვიის მთავრობის მეთაურმა ასევე გამორიცხა მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
„ზოგიერთს მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი იქნება. ეს შეუძლებელია. ახალი ეპოქა დაიწყო“, - აღნიშნა მან.
ლატვია იმ 11 ქვეყანას შორის იყო, რომლებმაც ივნისში შვედეთის ინიციატივით მომზადებულ წერილს მოაწერეს ხელი და ბრიუსელს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდეს. ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერმა ოქტომბერში POLITICO-ს განუცხადა, რომ ევროკომისიამ შესაძლოა შესაბამისი წინადადება მომავალ წელს წარადგინოს.
კულბერგსმა ასევე თქვა, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმები ძლიერდება. მისი თქმით, ვითარება ესკალაციას განიცდის. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ უქმეებზე ლატვიისა და ესტონეთის სპეცრაზმელებმა ესტონეთის ტერიტორიაზე რვა ადამიანი დააკავეს, რომლებსაც, მისივე განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერ საწარმოო ობიექტზე თავდასხმის კონკრეტული დავალებები ჰქონდათ მიღებული.
„ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას“, - განაცხადა კულბერგსმა.
მან მომდევნო თვეებს „სიმართლის ზამთარი“ უწოდა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში წყლის, გათბობისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურას იმიტომ უტევს, რომ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან წინსვლას ვერ აღწევს. ამასთან, მოსკოვი ცდილობს, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრი უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ განაწყოს.
„პუტინს სურს, გერმანელებს შეეშინდეთ და საკუთარ მთავრობას უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა მოსთხოვონ“, - აღნიშნა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…