საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში გამართულ P-TEC-ის მინისტერიალზე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო და ენერგეტიკული ჰაბის როლი და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში წამყვანი წვლილი შეიტანოს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, 19 ნოემბერს „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა.
მინისტერიალის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი, სხვა ქვეყნების მთავრობის ლიდერებთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პრიორიტეტებზე, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
„საქართველო სტრატეგიულად მდებარეობს გზაჯვარედინზე, რომელიც აკავშირებს ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს, სადაც იკვეთება ვაჭრობა, ენერგეტიკა და გეოპოლიტიკა. საუკუნეების განმავლობაში ეს რეგიონი ერებს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო დღეს მისი სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო ძლიერდება მისი მზარდი როლით ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების პროცესში,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველო ასრულებს წამყვან როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, როგორც საიმედო სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონებს ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებთან.
„სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა სამხრეთ კავკასიის გაზსადენი (SCP) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი ადასტურებს საქართველოს სასიცოცხლო წვლილს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში, დამოკიდებულების შემცირებასა და ევროპის ენერგეტიკული მედეგობის ამაღლებაში. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში, ხოლო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების მეშვეობით საქართველო ასევე წარმოადგენს კასპიის ნედლი ნავთობის საკვანძო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც კასპიის რეგიონს საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც, მისი შეფასებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც უშუალოდ საქართველოსთვის, ასევე ფართო რეგიონისთვის.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას 1 300 მგვტ ოპტიმალური სიმძლავრით, წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობას სამხრეთ კავკასიის ევროპულ ელექტროენერგიის ბაზართან დასაკავშირებლად და განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშესაწყობად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა „მწვანე ენერგიის დერეფანი,“ რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროექტია. საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ახლახან მოაწერა ხელი მთავრობათაშორის შეთანხმებას აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის ელექტროენერგიის დერეფნის განვითარებაზე, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ტრანსსასაზღვრო ენერგოინფრასტრუქტურასა და რეგიონულ ვაჭრობას ელექტროენერგიით,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და ამ რესურსების ათვისება პრიორიტეტად რჩება.
„საქართველო აგრძელებს რეგიონულ და ტრანსატლანტიკურ ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აქტიურ და საიმედო პარტნიორობას. საქართველო მზადაა, კიდევ უფრო განავითაროს თავისი როლი, როგორც რეგიონულმა ენერგეტიკულმა და სატრანზიტო ჰაბმა და ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომლებიც კასპიის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიას ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
P-TEC აშშ-სა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის წამყვან პლატფორმას წარმოადგენს. შეხვედრა ხელს უწყობს დიალოგსა და თანამშრომლობას რეგიონის ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და პარტნიორობის განვითარების მიმართულებით. წლევანდელ მინისტერიალში 25 ქვეყნის, მათ შორის ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამარიამ ქვრივიშვილმა „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის კრის რაითისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მილოშ მოტიკას მიწვევით, "პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის" რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…