უკრაინული მედია: კრივი რიჰზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 7 წლის ბავშვი და პარამედიკოსი დაიღუპნენ, 47 ადამიანი დაშავდა
უკრაინის ქალაქ კრივი რიჰზე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმას 7 წლის ბავშვი და პარამედიკოსი ემსხვერპლნენ, 47 ადამიანი კი დაშავდა.

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივი რიჰზე გვიან ღამით განხორციელებულ ბალისტიკურ სარაკეტო თავდასხმას 7 წლის ბიჭი და 20 წლის პარამედიკოსი ემსხვერპლნენ, 47 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის ძალებმა დარტყმები მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ რაიონზე, სამოქალაქო მოსახლეობით სავსე ტერიტორიაზე, ბავშვთა მსოფლიო დღეს განახორციელეს. თავდასხმის შემდეგ, როდესაც ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ, რუსეთმა ტერიტორია განმეორებით დაბომბა. თავდასხმის ამ მეთოდს „ორმაგი დარტყმის“ ტაქტიკას უწოდებენ.
„ჩვენი ქალაქისთვის ტრაგიკული საღამო და ღამე იყო. რუსმა ტერორისტებმა კრივი რიჰზე მორიგი დანაშაულებრივი თავდასხმების სერია განახორციელეს“, - განაცხადა ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა.
მისი თქმით, პირველი შეტევის დროს რუსეთის ძალებმა ქალაქის ცენტრში, პოპულარულ რესტორანთან მდებარე ტერიტორიაზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მოგვიანებით, როდესაც ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა, ტერიტორიას „შაჰედის“ ტიპის დრონების ჯგუფი დაესხა თავს.
ვილკულის განცხადებით, განმეორებითი დარტყმის სამიზნე მაშველები, სამედიცინო პერსონალი და საქალაქო სამსახურების თანამშრომლები გახდნენ.
რუსეთის თავდასხმის შედეგად თავის არეში მიღებული ტრავმების გამო საავადმყოფოში 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა. დაიღუპა ასევე 20 წლის ქალი, რომელიც პარამედიკოსი იყო.
დაშავებულთა შორის 47 ადამიანია, რომელთაგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის ექვსი ბავშვი, ორი პარამედიკოსი და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი თანამშრომელია. ბავშვებიდან ყველაზე პატარა 3 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭია.
„მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ“, - განაცხადა ვილკულმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…