ენდი ბერნემი - დღეს ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის კარგი დღეა - ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ შეთანხმება თქვენთვისაა, რადგან მათ „ბრექსიტმა“ შესაძლებლობები წაართვა
გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი შეთანხმება გააფორმეს, რომელიც სურსათით ვაჭრობის გამარტივებასა და ახალგაზრდების მობილობას ითვალისწინებს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემის განცხადებით, „ბრექსიტმა“ ახალგაზრდებს შესაძლებლობები წაართვა.

დღეს ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის კარგი დღეა , - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ბრიუსელში, ევროკავშირი-გაერთიანებული სამეფოს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანია. ხალხი ხედავს, რომ სტატუს-კვო არ მუშაობს. ის ბრიტანეთისთვის საკმარისი არ არის. ხალხს უკეთესი შეთანხმება სურს, ვიდრე ის „ხისტი ბრექსიტი“, რომელიც საბოლოოდ მივიღეთ“, - განაცხადა ბერნემმა.
ენდი ბერნემის თქმით, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მიღწეული დღევანდელი შეთანხმება, გაერთიანებული სამეფოს მთლიან შიდა პროდუქტს 0,5%-ით გაზრდის და სურსათის ფასების შემცირებას გამოიწვევს.
ასევე, ბერნემმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრიტანელი ახალგაზრდებისთვის.
„ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ ეს შეთანხმება თქვენთვის არის. ეს შეთანხმება თქვენს ცხოვრებაში შანსების გაზრდას ემსახურება. ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო ათი წელი ბევრი ადამიანისთვის იყო რთული, ყველაზე მეტად კი ბრიტანელი და ევროკავშირის ახალგაზრდებისთვის. „ბრექსიტმა“ ჩვენს ახალგაზრდებს შესაძლებლობები წაართვა“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა შეთანხმება გააფორმეს, რომელიც სურსათით ვაჭრობის გამარტივებას, ასევე, ემისიებით ვაჭრობას და ახალგაზრდებისთვის მობილობის ახალ სქემას ითვალისწინებს. ამასთან, მხარეების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის უნივერსიტეტებში სწავლის საფასურთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…