თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: „მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებს რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის და ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რასაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა“
თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციის მე-5 და მე-11 პუნქტების მხარდაჭერით მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა, რასაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ევროსაბჭოს მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში არსებულ მე-5 და მე-11 პუნქტებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა რეპლიკებს უპასუხა და აღნიშნა, რომ იმის თქმა, თითქოს ხსენებულ პუნქტებში არსებულ ჩანაწერებს უარყოფითი შედეგები ქვეყნისთვის არ მოუტანია, არასწორია.
შარმანაშვილის შეფასებით, ამ ჩანაწერებზე დათანხმებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ უზარმაზარი რისკის წინაშე დააყენა ქართული სახელმწიფო და ის, რომ ქართული მხარის, იურისტების დიდი ძალისხმევის შედეგად საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში აღნიშნული პუნქტები არ აისახა, არაფრით ამართლებს „ნაცმოძრაობის“ ქმედებას და რეზოლუციის მხარდაჭრას.
„ახლაც ითქვა, გუშინაც გასმა ეს საკითხი, რომ ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე, [ევროსაბჭოს რეზოლუციის] მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტებზე, ვინაიდან ამას უარყოფითი შედეგი ხომ არ მოუტანია საბოლოო ჯამშიო. რა ძალისხმევა დაჯდა ამ სასამართლოებში, რომ მეხუთე და მეთერთმეტე პუნქტების გაბათილება მომხდარიყო ისეთი ფორმით, რომ ის არ ასახულიყო ამ სასამართლოების გადაწყვეტილებებში, ეს საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე ბევრს გამოუთქვამს აზრი. ასე რომ, როგორ არ მოიტანა – რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა და ჩვენ წინააღმდეგ იყენებდა ყოველთვის. და ის, რომ ჩვენი იურისტები, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები მაგრად დაუდგნენ ამ საქმეს, საკმაოდ სერიოზული ომი გადაიტანეს რუსულ მხარესთან, რომ ეს არ აღმოჩენილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, არაფრით ამართლებს იმას, რაც მათ გააკეთეს და რასაც მათ მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციაში. ასე რომ, ასე ნუ იტყვიან, რომ ხომ არაფერი მომხდარაო. როგორ არ მომხდარა, დიდი რისკი იყო, უზარმაზარი რისკის წინაშე დააყენეს საქართველოს სახელმწიფო და ის, რომ ჩვენებმა ივაჟკაცეს და ის, რომ ჩვენებმა ყველაფერი გააკეთეს ამის ნიველირებისათვის, არაფერ შუაში არ არიან ამ საქმესთან მოპასუხის წარმომადგენლები. ამიტომ ამაზე მინდოდა ყურადღების მიქცევა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…