ანა ყურაშვილი აქციაზე „ოლე, ოლას“ სიმღერის საბაბით 3000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ანა ყურაშვილი აქციაზე „ოლე-ოლას“ ორგზის სიმღერისთვის, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, 3000 ლარით დააჯარიმა.

ანა ყურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ „ოლე-ოლას“ ორგზის სიმღერის საბაბით, 3000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დღეს, 19 ნოემბერს მიიღო, — „სასამართლო მხედველობაში იღებს წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეს. გვაქვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ჩარჩოები. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ტექსტს აქვს კულტურული, საგანმანათლებლო ან რამე სხვა დანიშნულება. აქვს მიზანი კონკრეტული ჯგუფის მიმართ შეურაცხყოფა, უხამსობა. აქედან გამომდინარე, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ანა ყურაშვილი ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად და ჯარიმა განესაზღვროს 3000 ლარის ოდენობით“. [მოსამართლის ტექსტი იბეჭდება შემოკლებით].
შსს-ს სასამართლოში მარიამ კერესელიძე, სალომე ქირია და ბუბა ნაჭყებია წარმოადგენდნენ.
აქტივისტს და პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“ წევრს, შსს-ს მოთხოვნით 23 და 24 სექტემბრის ფაქტებზე [„შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება“], მიმდინარე ორი საქმე გაუერთიანეს. ანა ყურაშვილს ედავებოდნენ, რომ კონკრეტულად „ოლე-ოლას“ სიმღერით ჩაიდინა „წვრილმანი ხულიგნობა“.
შსს-ს იურისტების აზრით, რომლებიც „სქროლვა-სქრინვად“ წოდებულ სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველოს წარმოადგენენ ხოლმე სასამართლოში, ამ სიმღერას არ აქვს მუსიკალური ღირებულება — ის არის ე.წ. სიმღერა და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეურაცხყოფას ისახავს მიზნად და არა პარტიის წევრებისას.
შსს-მ მტკიცებულებად მოიტანა 112-ის სათვალთვალო კამერების უხმო ჩანაწერები, რომელიც მათი თქმით ასახავს და ადასტურებს სიმღერით წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის დროს. მოიტანეს ასევე ხმოვანი ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ანა ყურაშვილი შორიდან ჩანს ორიოდ წამის მანძილზე, ტუჩების მოძრაობით შეიძლება ივარაუდო, რომ ამბობს, „ოლეს“, შემდეგ მას ეფარება საქართველოს დროშა და სხვა დემონსტრანტი. ამ დროს ფონად ისმის „ოლე-ოლა“. ასევე მოიყვანეს მოწმედ პოლიციელები, რომელთაც მორიგჯერ განაცხადეს, რომ დაინახეს ნაცნობი სახე აქციებიდან, რომელიც მღეროდა.
რით დაადგინეს, რომ პირობითად, „ხმალი ავლესოთ, ქართველებოს“ არ ღიღინებდა ანა ყურაშვილი, თუ მართლაც მღეროდა, შსს პასუხობს, რომ ეს ისედაც თავისთავად ცხადია და სხვა რამე რომ ემღერა მიხვდებოდნენ.
დაადგენდა თუ არა შსს, რომ ანა ყურაშვილმა საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა თუ აქციაზე ხმის გამაძლიერებლით ჩართავდნენ 2pac-ის, Eminem-ის, ან თუნდაც ქართველი ბედინას სიმღერებს (რეპ და ჰიპ-ჰოპ ჟანრის სიმღერები, როგორც წესი, შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას)? ამ კითხვას მარიამ კერესელიძემ უპასუხა, რომ „აბსტრაქტულად არ ვმსჯელობთ. იმღერეთ და ნახავთ“.
შსს-მ წარმოადგინა ცნობა უწყებიდან, სადაც აცხადებენ, რომ სხვადასხვა დროს „არაერთგზის“ მიუმართავთ უწყებისთვის „ოლე, ოლათი“ შეწუხებულ მოქალაქეებს. ცნობაში არანაირი კონკრეტიკა არ მოუყვანიათ.
სხდომაზე დაიკითხნენ მოწმე პოლიციელები:
ლაშა ჭიჭინაძე: „ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას საკრებულოსთან. იყო სალანძღავი სიტყვები, რომელითაც მოიხსენიებდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებს. იქ იმყოფებოდა ქალბატონი ანაც და მღეროდა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ლანძღვა-გინება სიმღერით… რა ვიცი აბა. იქ ხომ სხვა ადამიანებიც დადიან. არ ჩავრეულვართ, რადგან სამართალდარღვევა იყო ჩადენილი უკვე და არ გამწვავებულიყო სიტუაცია. ვაფიქსირებდით მხოლოდ თვალთახედვით.“
ოთარ დევდარიანი: „ასრულებდნენ სიმღერას, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებენ ხოლმე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს. რაღაც სიმღერაა, ოლე თუ ოლა, რა მიმდევრობით ამბობენ ხოლმე, არ მახსოვს.“
80-იანი წლების საფეხბურთო ჰიმნი, რომელიც ბელგიაში შეიქმნა, სულ მალე ესპანეთის გავლით მთელ მსოფლიოს მოედო — ჯერ სტადიონებზე, შემდეგ უკვე ფესბურთის მიღმაც. მუსიკოს კორძის ეს ვერსია საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროტესტის ერთგვარ ჰიმნად იქცა, რასაც სიმღერის მზარდ პოპულარობასთან ერთად მოჰყვა კორძის წინააღმდეგ წარმოებული პროსამთავრობო კამპანიის გააქტიურება.
166-ე მუხლი, რომლითაც აქტივისტებს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო ედავებიან, ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში, ერთხელ უკვე სახდელდადებული პირი დაჯარიმდება 3000-დან 5000-მდე ლარით, ან დააპატიმრებენ 5-დან 60 დღემდე ვადით.
აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რაც განიმარტება როგორც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და საზოგადოებრივი წესრიგის ან/და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევი სხვა ამგვარი მოქმედება.
აქამდე „ოლე-ოლას“ სიმღერის საბაბით დაჯარიმებულ აქტივისტებს შორის არის სტუდენტი სანდრო სეხნიაშვილი (3000 ლარით). ამავე საბაბით დაჯარიმდა ასევე სინდისის ყოფილი პატიმარი თორნიკე თოშხუა (5000 ლარით).
სიმღერისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა სოფო ბათილაშვილი, საბაბით, რომ სიმღერა „უწმაწური სიტყვების შემცველი ტექსტით“ სოციალურ ქსელში განათავსა.
მომღერალი სოფო ბათილაშვილი სიმღერისთვის დააჯარიმეს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…