Reuters: დანიის პარლამენტმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპთან მიღწეული შეთანხმება ერთხმად დაამტკიცა
დანიის პარლამენტმა ერთხმად მოახდინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო როლს აფართოებს.

დანიის პარლამენტმა ერთხმად მოახდინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც გრენლანდიას ეხება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კოპენჰაგენი იმედოვნებს, რომ შეთანხმება არქტიკული კუნძულის მომავალთან დაკავშირებით წარმოქმნილ დაპირისპირებას დაასრულებს, რომელმაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაძაბა.
შეთანხმებას აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ ხელი სექტემბერში მოაწერეს. დოკუმენტის მიზანი იყო იმ დაძაბულობის განმუხტვა, რომელიც ტრამპის არაერთგზის მუქარას მოჰყვა. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მინერალური რესურსებით მდიდარი კუნძულის კონტროლის მოპოვებას აპირებდა. გრენლანდია დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ტერიტორიაა, სადაც დაახლოებით 57 000 ადამიანი ცხოვრობს.
დანიის პარლამენტის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შეთანხმებას მხარი 109 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
შეთანხმებას აშშ-ის სენატის თანხმობა არ სჭირდება. კოპენჰაგენში გამართული კენჭისყრის შემდეგ, დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ნოტით შეერთებულ შტატებს აცნობებს, რომ შეთანხმების ამოქმედებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია.
შეთანხმება გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო როლს აფართოებს. მათ შორის, ვაშინგტონს კუნძულზე „ოქროს გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების შესაძლებლობა ეძლევა. ამასთან, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს დანიის სუვერენიტეტს და გრენლანდიის მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას.
ტრამპის უარმა, გამოერიცხა გრენლანდიის ხელში ჩაგდების მიზნით სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენება, იანვარში ნატოს შიგნით დიპლომატიური კრიზისი გამოიწვია. ვითარებამ დანია და გრენლანდია აიძულა, ვაშინგტონთან რამდენიმეთვიანი ინტენსიური მოლაპარაკებები დაეწყოთ, წერს სააგენტო.
გრენლანდიის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მიმდინარე თვეში მოახდინა. ერთი კვირის წინ კი დოკუმენტმა დანიის პარლამენტში პირველი მოსმენაც გაიარა და ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა მიიღო. დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმება გრენლანდიაში ვითარების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…