"კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის ახალი არხი მინსკში გადაიტანა" - თეონა აქუბარდია საფრთხეებზე საუბრობს
თეონა აქუბარდიას განცხადებით, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი არხი მინსკში გადაიტანა, რაც ჟენევის ფორმატის დასუსტებასა და საქართველოს ინტერესების დაზიანების რისკს ქმნის.

ჟენევიდან მინსკამდე - ირაკლი კობახიძე "ცალკე ფეხზე" მდგომი რუსეთთან" - ასე ეხმაურება თეონა აქუბარდია კობახიძის სპეცწარმომადგენელის მიერ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში ჩასვლას.
"პირველების" ინფორმაციით, კობახიძის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში ჩავიდა
აქუბარდიას თმით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მინსკში გადატანას რუსეთი ბოლო წლებია ითხოვდა, ამიტომაც პოლიტიკოსის თქმით, ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის.
"იზრდება რისკი, რომ ჟენევის ფორმატი თანდათან დაკარგავს პოლიტიკურ დატვირთვას, ხოლო საქართველოს ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები რუსეთისთვის სასურველ, ასიმეტრიულ ორმხრივ მოლაპარაკებებში აღმოჩნდება"- წერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვერცელ პოსტში აქუბარდია.
პოლიტიკოსის განცხადებით, მინსკში მოლაპარაკებების გადატანა მხოლოდ დიპლომატიური ფორმატის ცვლილება არ არის - "ის შეიძლება გახდეს იმ პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოღება და რუსეთის ორმხრივი კონტროლის ქვეშ მოქცევაა"
როგორც ვვარაუდობდი, პრაღის ფორმატი, ფაქტობრივად, დასრულებულია. მის ნაცვლად ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის ახალი, უკვე პრაქტიკულად ფორმალური არხი მინსკში გადაიტანა — ბელარუსში, რომელიც რუსეთის უახლოესი მოკავშირე და ავტორიტარული მმართველობის ქვეყანაა.
ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის. რუსეთი ბოლო წლებია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მინსკში გადატანას ითხოვდა. ამავე დროს, „ქართული ოცნება“ კრემლის ნარატივს აძლიერებდა ჟენევის ფორმატის არაეფექტიანობაზე მუდმივი აქცენტით.
კობახიძეს შეეძლო, რუსეთთან კონფლიქტის საკითხზე დიალოგი ჟენევის საერთაშორისო ფორმატში დაეტოვებინა — იმ ერთადერთ საერთაშორისო მოლაპარაკების პლატფორმაზე, სადაც საქართველოს გვერდით ევროკავშირი, გაერო და ეუთო მონაწილეობენ. ამისთვის საჭირო იყო პოლიტიკური ნება და ჟენევის ფორმატის დაცვის პრინციპული პოზიცია. ეს არ მოხდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხიც მიანდო. ამით რუსეთთან ურთიერთობის ორმხრივ არხს ფაქტობრივად დაემატა უსაფრთხოებისა და კონფლიქტის პოლიტიკური განზომილება. ახლა კი ეს არხი მინსკში გადადის.
შედეგად, იზრდება რისკი, რომ ჟენევის ფორმატი თანდათან დაკარგავს პოლიტიკურ დატვირთვას, ხოლო საქართველოს ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები რუსეთისთვის სასურველ, ასიმეტრიულ ორმხრივ მოლაპარაკებებში აღმოჩნდება. ერთ მხარეს — რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, მეორე მხარეს — საქართველოდან სპეცწარმომადგენელი ზურაბაშვილი, საერთაშორისო პოლიტიკური და ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე. ასეთ პირობებში მოლაპარაკების ძალთა ბალანსის წარმოდგენა რუსეთის სასარგებლოდ იქმნება.
ამ პროცესს კიდევ ერთი, გაცილებით სახიფათო კონტექსტი აქვს. კრემლთან დაახლოებული პირები საჯაროდ საუბრობენ რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს გაფართოებაზე და ამ სივრცეში თბილისის, სოხუმისა და ცხინვალის ცალ-ცალკე ინტეგრირების შესაძლებლობაზე. ეს ნიშნავს არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ საქართველოს სამი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სახით დაშლისა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის პერსპექტივას.
ამიტომ მინსკში მოლაპარაკებების გადატანა მხოლოდ დიპლომატიური ფორმატის ცვლილება არ არის. ის შეიძლება გახდეს იმ პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოღება და რუსეთის ორმხრივი კონტროლის ქვეშ მოქცევაა.
ჟენევა საქართველოსთვის მხოლოდ მოლაპარაკებების ადგილი არ არის — ეს არის საერთაშორისო ფორმატი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს იზოლაციისგან და ძალთა სრული ასიმეტრიისგან იცავს. მისი შესუსტება, მინსკის ჩანაცვლება და კონფლიქტის საკითხის ორმხრივ მოლაპარაკებებში გადატანა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისგან დაცლის რისკს ქმნის.
თუ ეს პროცესი გაგრძელდა, საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს არა უბრალოდ მეორე ბელარუსის, არამედ გაცილებით მძიმე რეალობის წინაშე — რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეული, ტერიტორიულად დაშლილი და საერთაშორისო გარანტიების გარეშე დარჩენილი ქვეყანა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…