საკონსტიტუციო შემდეგ კვირაში იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვას აჩერებს
საკონსტიტუციო სასამართლო 30 წლის იუბილეს აღნიშვნის გამო „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვას დროებით აჩერებს. ამასთან, საიუბილეო კონფერენციის პირდაპირი ეთერისა და სინქრონული თარგმნისთვის სასამართლო უტენდეროდ ათობით ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.

საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო კვირაში „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვას აჩერებს და სხდომებს 9 ნოემბრიდან გააგრძელებს. საქმე იმაშია, რომ მომდევნო კვირაში სასამართლო 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ ოპოზიციურ პარტიებს უარი უთხრა 1 დღით არ ემუშავათ და სხდომები მიმდინარე კვირაში არა ორშაბათს, არამედ სამშაბათს განახლებულიყო.
„პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 2026 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე 7 სხდომა ჩატარდა.
საკონსტიტუციო სასამართლო თავის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებს. გახსნის ცერემონიის პირდაპირ ეთერში გადაცემის უზრუნველსაყოფად კი სასამართლო 34 800 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის.
ცალკე 29 500 ლარს კი, ასევე უტენდეროდ, სასამართლო სინქრონულ თარგმნასა და გახმოვანებასთან დაკავშირებული ტექნიკის დაქირავებაში იხდის. სინქრონული თარგმანი იქნება რუსულ ენაზეც.
„კონფერენციის ფარგლებში ქვეყნის უმაღლესი რანგის პირების სატელევიზიო მიმართვების პროფესიონალურად გაშუქება ჩვენი ინტერესია, რათა ფართო საზოგადოებამდე უხარვეზოდ იქნეს მიწოდებული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.“ – წერს სასამართლო შესყიდვების სააგენტოს და მისგან 34 800 ლარის უტენდეროდ დახარჯვაზე თანხმობას ითხოვს.
აქ აღსანიშნავია, რომ „პარტიების აკრძალვის საქმეზე“ სხდომების გადაღების უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ არცერთ მედიას არ მისცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა.
ამ თემაზე ვრცლად: მედია ვერ გადაიღებს პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოს სხდომას – ახალი შეზღუდვა საკონსტიტუციოში
სასამართლოს ინფორმაციით, „მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია „საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“, რომელიც გაიმართება ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“. კონფერენციის ფარგლებში ბათუმს ესტუმრება 20 სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები.
გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებიან და სიტყვით გამოდიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. შესაბამისად, გახსნის ცერემონიისათვის გათვალისწინებულია რამდენიმე ტელეარხისათვის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფა.“
„ეს მომსახურება უნდა გაეწია ადგილობრივ, აჭარის საზოგადოებრივ არხს, საკუთარი ტექნიკით, თუმცა არასათანადო კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი ხდება არსებული ტელევიზიის გამოყენება ხარვეზების გარეშე. ასევე, გაუმართავი ტექნიკური აღჭურვილობის, ე.წ. მოძრავი სატელევიზიო სადგურის გაუმართაობის გამო, ვერ ახერხებს ტრანსლირებას ბათუმში საქართველოს საზოგადოებრივი არხიც. ეს ტექნიკური პრობლემები დღეს, 29 ოქტომბერს გახდა ჩვენთვის ცნობილი.“ – წერს საკონსტიტუციო სასამართლო შესყიდვების სააგენტოს.
სასამართლოს თავის განაცხადზე დართული აქვს ორი კომპანიის ინვოისი, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ მომსახურებას სთავაზობენ: შპს „ალფა სტუდიო“ – 34 800 ლარად და შპს „ტვ სტუდიო“ – 36 500 ლარად.
ამ ეტაპზე უცნობია რა თანხას გადაუხდის საკონსტიტუციო სასამართლო სასტუმრო „ჰილტონს“.
რაც შეეხება სინქრონულ თარგმანთან დაკავშირებით ტენდერის გარეშე 29 500 ლარის დახარჯვას, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოს შესყიდვების სააგენტომ თანხმობა 2026 წლის 16 სექტემბერს მისცა.
ამ თემაზე ვრცლად:
საკონსტიტუციო 30 წლის იუბილეზე კონფერენციას ატარებს, რომელსაც რუსულად და ინგლისურად თარგმნიან
ციტატები სტატიიდან
„კონფერენციის ფარგლებში ქვეყნის უმაღლესი რანგის პირების სატელევიზიო მიმართვების პროფესიონალურად გაშუქება ჩვენი ინტერესია, რათა ფართო საზოგადოებამდე უხარვეზოდ იქნეს მიწოდებული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.“
„ეს მომსახურება უნდა გაეწია ადგილობრივ, აჭარის საზოგადოებრივ არხს, საკუთარი ტექნიკით, თუმცა არასათანადო კლიმატური პირობების გამო შეუძლებელი ხდება არსებული ტელევიზიის გამოყენება ხარვეზების გარეშე. ასევე, გაუმართავი ტექნიკური აღჭურვილობის, ე.წ. მოძრავი სატელევიზიო სადგურის გაუმართაობის გამო, ვერ ახერხებს ტრანსლირებას ბათუმში საქართველოს საზოგადოებრივი არხიც. ეს ტექნიკური პრობლემები დღეს, 29 ოქტომბერს გახდა ჩვენთვის ცნობილი.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…