კახა კალაძე ვეტინგზე: გარედან ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა უსიტყვო მორჩილების შედეგია
კახა კალაძე აცხადებს, რომ გარედან მთავრობისა თუ მოსამართლეების დანიშვნის მოთხოვნა სუვერენიტეტის ხელყოფაა და უსიტყვო მორჩილების შედეგია.

კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია ის, რომ გარედან ხდებოდეს ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა - უსიტყვო მორჩილებას მოაქვს ის შედეგი, რასაც მონტენეგროს მაგალითზე ვხედავთ, - ამის შესახებ მედიასთან თბილისის მერმა ისაუბრა და ამით შეაფასა მონტენეგროში პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრების კანდიდატების ე.წ. ვეტინგის პრინციპით შემოწმების შესახებ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.
კახა კალაძის თქმით, ასეთივე მოთხოვნები საქართველოსთან დაკავშირებითაც არსებობს, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაა.
"უსიტყვო მორჩილებას, მოაქვს ეს რეალური შედეგი. ჩვენთან დაკავშირებითაც ნახეთ რეზოლუციაში რა წერია და რა მოთხოვნებია, რომ მოსამართლეები თურმე გარედან უნდა დაგვინიშნონ. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ხელყოფაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის.
კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია ის, რომ გარედან ხდებოდეს მთავრობებისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა.
ჩვენ გვინდა ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, რასაც ჩვენი პოლიტიკით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ვაკეთებთ. მაგრამ ვიღაცამ გარედან დავალებები გვაძლიოს, თითის ქნევით გველაპარაკოს, მოსამართლეები გვინიშნოს, ხვალ მთავრობას დაგვინიშნავს, ეს კატეგორიულად მიუღებელი და ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გერმანიის საელჩოში შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომლის შინაარსიც ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
"ეს ადამიანები იმართებიან გარედან და გარე ძალების დავალებებს ასრულებენ. ისინი არ მიეკუთვნებიან ქართველ ხალხს, ისინი არ ატარებენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვეულებრივი დანომრილი აგენტები არიან, წარმოადგენენ აგენტურას და რა დავალებებსაც მისცემენ, იმ დავალებებს, გინდ მესიჯის სახით გააჟღერებენ და თუ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯია გადასადგმელი, რა თქმა უნდა, ამასაც თავდახრილები გააკეთებენ", - განაცხადა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…