გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო - კალაძე მეტროს შეკეთების კონტრაქტიდან თანხის მითვისებაზე
კახა კალაძის განცხადებით, მეტროს ვაგონების შეკეთების კონტრაქტებიდან თანხის სავარაუდო მითვისებაზე გამოძიება მერიის სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საქმეზე 4 პირია დაკავებული, რომლებმაც 41.1 მილიონი ლარი მიითვისეს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების სავარაუდო მითვისების საქმეზე გამოძიება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე დაიწყო. მისი თქმით, მოკვლევის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის პასუხისმგებლობა სატენდერო პროცედურების კანონიერად წარმართვა იყო, რაც, მისი შეფასებით, სრულად შესრულდა. მერი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიებას უნდა დაელოდონ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს.
„ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ საკითხი ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი შესაბამის უწყებაში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, შესყიდვისა და ტენდერის პროცედურები გამჭვირვალედ ჩატარდა. კალაძემ ასევე განმარტა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი არ არის.
„გიორგი შარკოვი არ არის გამომძიებელი ან საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ იყო ყველაფერი განხორციელებული და ტენდერი გამოცხადებული. ეს ცოტა სპეციფიკური და განსხვავებული საქმიანობაა. არსებული მეტროს ვაგონები რუსული წარმოშობისაა, საბჭოთა კავშირის დროინდელი. შესაბამისად, იმ დეტალების მოძიება და შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა. ამიტომ, თუ ვიღაც საქართველოს გარეთ საბუთებს აყალბებდა, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? მიუხედავად ამისა, გამოძიება დაწყებულია ჩვენს მიერ გადაგზავნილ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, - აღნიშნა კალაძემ.
მისივე განცხადებით, მერია საგამოძიებო უწყება არ არის და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ.
„მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია მერიას, მაგალითად, სწორად გამოაცხადოს ტენდერი, სწორი იყოს სატენდერო პროცედურები, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველაფერი არის გაკეთებული კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რა ვიცით მეტროს ვაგონების შეკეთების საქმეზე
16 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების სავარაუდო მითვისების საქმეზე ოთხი პირის დაკავების შესახებ განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2017-2024 წლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145.3 მილიონი ლარიდან ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სახით მოქმედებით, სავარაუდოდ, 41.1 მილიონი ლარი მიითვისეს.
დაკავებულები არიან:
სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი;
ამავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე;
საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე;
შპს „საჩინოსა“ და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი სქემის განსახორციელებლად შპს „საჩინო“ დაარეგისტრირეს. კომპანიის მეშვეობით მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხდებოდა. ტვირთების გადაზიდვას კი შპს „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
უწყების განცხადებით, იმპორტირებული საქონელი შემდგომ შპს „საჩინოს“ სახელით, ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეწოდებოდა. პროკურატურის მტკიცებით, დეტალების ფასი რეალურ ღირებულებასთან შედარებით სამჯერ იყო გაზრდილი, რის შედეგადაც სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება მოხდა.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული მუხლები 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი 2 მილიონი ლარის ოდენობის გირაო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და მისი მიზანია დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირებაც.
მეტროს ვაგონების სარემონტო ქარხანასთან დაკავშირებული შესაძლო ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის თებერვალში გავრცელდა. მაშინ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ შევიდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…