პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა ჩერქეზიშვილი - მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთასთან GWP-ის 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება კიდევ ერთი სერიოზული სიგნალია, რომ თბილისის ინფრასტრუქტურა მზარდ დატვირთვას ვეღარ უძლებს

GWPლელოსემეკი

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნიკა ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ GWP-ის წყალსადენის დაზიანება განგაშის სიგნალია, რადგან ქალაქის ინფრასტრუქტურა მშენებლობების მზარდ დატვირთვას ვეღარ უძლებს, და მოითხოვს, შეიზღუდოს ისეთი განაშენიანება, რომელსაც საინჟინრო ქსელები არ შეესაბამება.

ნიკა ჩერქეზიშვილი - მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთასთან GWP-ის 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება კიდევ ერთი სერიოზული სიგნალია, რომ თბილისის ინფრასტრუქტურა მზარდ დატვირთვას ვეღარ უძლებს
ინტერპრესნიუსი

მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთასთან GWP-ის 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება კიდევ ერთი სერიოზული სიგნალია, რომ თბილისის ინფრასტრუქტურა მზარდ დატვირთვას ვეღარ უძლებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი, პარტია “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი წერს.

ჩერქეზიშვილის შეფასებით, თბილისში ყოველდღიურად ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, იზრდება მოსახლეობა, მატულობს ავტომობილების რაოდენობა და წყალზე მოთხოვნა, მაგრამ მშენებლობების ტემპს თანაბარი ტემპით გზების, სატრანსპორტო სისტემის, წყალმომარაგებისა და წყალარინების განვითარება ვერ მიჰყვება.

მისივე აზრით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ისეთი ახალი განაშენიანება შეიზღუდოს, რომელიც ინფრასტრუქტურის რეალურ შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს და არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.

”დავიწყოთ უმთავრესით - ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქალაქის გამოწვევებს ცალკეულ, ერთმანეთთან დაუკავშირებელ საკითხებად განვიხილავთ.

საცობები - ცალკე პრობლემაა, მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება - ცალკე, მოუწესრიგებელი გზები, გაჭედილი სანიაღვრეები, დატბორილი ქუჩები - კიდევ ცალკე.

სწორედ ამ მიდგომაშია მთავარი შეცდომა.

ჩვენ ვერ ვხედავთ საერთო სურათს, ვერ ვსვამთ პრობლემის სწორ დიაგნოზს და შესაბამისად, ვერც შედეგიან გამოსავალს ვპოულობთ.

დღეს ამაზე კიდევ ერთხელ უნდა დავეფიქრებინეთ საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას.

18 ნოემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 03:30 საათზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთასთან, GWP-ის 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა.

წყლის ძლიერმა ნაკადმა დატბორა მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართები.

ეს შემთხვევა არ უნდა აღვიქვათ ისე, თითქოს სადღაც უბრალოდ ერთი მილი დაზიანდა. სინამდვილეში, ეს არის კიდევ ერთი სერიოზული სიგნალი, SOS განგაში, რომ თბილისის ინფრასტრუქტურა მზარდ დატვირთვას ვეღარ უძლებს.

შეხედეთ, რა ხდება ქალაქში.

თბილისში ყოველდღიურად შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები, იზრდება მოსახლეობა, მატულობს ავტომობილების რაოდენობა და წყალზე მოთხოვნა, მაგრამ მშენებლობების ტემპს თანაბარი ტემპით ვერ მიჰყვება გზების, სატრანსპორტო სისტემის, წყალმომარაგებისა და წყალარინების განვითარება.

სამწუხაროდ, არსებული მონაცემები ამის თქმის სრულ საფუძველს გვაძლევს.

თბილისში მრავალბინიან და მრავალფუნქციურ შენობებზე გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობმა:

- 2020 წელს 1.37 მილიონი კვადრატული მეტრი შეადგინა;

- 2021 წელს - 1.53 მილიონი;

- 2022 წელს - 1.42 მილიონი;

- 2023 წელს - 1.94 მილიონი;

- 2024 წელს - 1.81 მილიონი;

- 2025 წელს კი - 1.73 მილიონი კვადრატული მეტრი.

ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ამ კატეგორიის შენობებზე, ნებართვები ჯამში დაახლოებით 9.8 მილიონ კვადრატულ მეტრზე გაიცა.

ახლა გადავხედოთ წყალმომარაგების სისტემას.

2025 წლის მაისში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში GWP მართავს დაახლოებით 4 000 კილომეტრ წყალმომარაგებისა და 1 500 კილომეტრ წყალარინების ქსელს, 113 წყალსაცავს, 64 სატუმბ სადგურს, 156 წნევის ამწევ სადგურსა და ხუთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტს.

ეს უზარმაზარი სისტემაა, რომელზეც მთელი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებაა დამოკიდებული, თუმცა ამ ინფრასტრუქტურის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა. გამოქვეყნებული მონაცემებით, წყალმომარაგებისა და სანიტარული ქსელების დაახლოებით 62%, ხოლო მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების 85% მოძველებულად არის შეფასებული.

ახლა ვნახოთ, რას გვეუბნება მარეგულირებლის ოფიციალური სტატისტიკა. სემეკ-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისში სასმელი წყლის მილსადენების ავარიულობის მაჩვენებელი ყოველ 100 კილომეტრზე 391.35-ია. სამიზნე მაჩვენებელი კი 25-ს შეადგენს ანუ არსებული მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულს დაახლოებით 15.7-ჯერ აღემატება.

მარტივად რომ ავხსნათ, ყოველ 100 კილომეტრ წყალმომარაგების ქსელზე ავარიულობის სამიზნე მაჩვენებელი 25-ია, ფაქტობრივი კი - 391.35.

კიდევ უფრო საყურადღებოა წყალარინების სისტემის მდგომარეობა: ყოველ 100 კილომეტრზე ავარიულობის მაჩვენებელი 945.56-ია, მაშინ როდესაც სამიზნე ნიშნული აქაც 25-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულს თითქმის 38-ჯერ აღემატება.

ეს ციფრები უკვე საკმარისია იმის გასაგებად, რომ პრობლემა მხოლოდ გამრეკელის ქუჩაზე მომხდარი ავარია არ არის.

საინტერესოა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაც, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა, პირდაპირ ითვალისწინებს ამ პრობლემას.

დოკუმენტის მე-15 მუხლი სპეციალურად ეხება ქალაქის წყალმომარაგებას და რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვან მოთხოვნას ადგენს.

კერძოდ, გენერალური გეგმა პრიორიტეტად მიიჩნევს არსებული, დაზიანებული და მოძველებული ქსელების განახლებას, მათი გამტარუნარიანობის გაზრდას და სისტემის გამართულ მუშაობას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს ახალი სამშენებლო ობიექტების განვითარებით არსებული წყალმომარაგების პირობების გაუარესების თავიდან აცილებას.

გენერალური გეგმა, ასევე, ითვალისწინებს წნევის მარეგულირებელი სისტემების გამართულ მუშაობას ანუ ეს პრობლემა ქალაქის დაგეგმვის დოკუმენტისთვისაც ახალი არ არის. თავად გენერალური გეგმა აღიარებს, რომ მშენებლობა და ინფრასტრუქტურა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ განვითარდება.

აქედან გამომდინარე, სრულიად ლეგიტიმურია კითხვა, რამდენად სრულდება ეს მოთხოვნები პრაქტიკაში? რამდენად მოწმდება ახალი მშენებლობების გავლენა არსებულ ქსელზე?

რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ გამრეკელის ქუჩაზე ავარია უშუალოდ ახალი მშენებლობებით იყო გამოწვეული. ამის დასადგენად საჭიროა ტექნიკური გამოკვლევა, მაგრამ ეს არ გვათავისუფლებს გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხის შეფასებისგან: რამდენად შეესაბამება არსებული ინფრასტრუქტურა იმ ქალაქს, რომელსაც დღეს ასეთი ტემპით ვაშენებთ?

გახსოვთ, როგორ მივედით საცობების დღევანდელ მასშტაბამდე?

წლების განმავლობაში შენდებოდა საცხოვრებელი კორპუსები, იზრდებოდა მოსახლეობა და ავტომობილების რაოდენობა, მაგრამ გზებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის განვითარება ამ ტემპს ვერ დაეწია.

ახლა იგივე კითხვები უნდა დავსვათ წყალმომარაგებასთან დაკავშირებითაც.

გუშინ საცობები იყო, დღეს წყლის სისტემაა. ხვალ შეიძლება სხვა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა აღმოჩნდეს კრიტიკულ მდგომარეობაში.

დამიჯერეთ, აუცილებლად აღმოჩნდება.

ამიტომ აუცილებელია, სანამ ახალი კორპუსის აშენების ნებართვას გავცემთ, ვიცოდეთ, გაუძლებს თუ არა დატვირთვას წყლის ქსელი, წყალარინების სისტემა, გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

თუ ვერ უძლებს, ჯერ ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიზარდოს განაშენიანება.

სწორედ ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შეიზღუდოს ისეთი ახალი განაშენიანება, რომელიც არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის რეალურ შესაძლებლობებს და არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი შესაბამისი საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს მიღებული გადაწყვეტილებების საფასურს ხვალ უფრო მეტი თბილისელი გადაიხდის, ზეგ კიდევ უფრო მეტი და საბოლოოდ ყველა თბილისელი აღმოჩნდება პრობლემის ეპიცენტრში“, - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
GWP: კომპანია მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალსადენის ავარიულად დაზიანების შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები