გაზზე და წყალზე საფეხურეობრივ ტარიფს სემეკი დაადგენს - დავით ნარმანია ჯერ არ ამბობს, როგორ განისაზღვრება ტარიფი
სემეკმა გაზისა და წყლის ტარიფების მეთოდოლოგიაში ცვლილებები შეიტანა, რაც მოხმარების მოცულობის მიხედვით დიფერენცირებული ტარიფების დაწესების შესაძლებლობას იძლევა. კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ჯერ არ აკონკრეტებს, როგორ განისაზღვრება ტარიფები.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების ტარიფების მეთოდოლოგიაში ცვლილებები შეიტანა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, კომისიას ექნება უფლებამოსილება ელექტროენერგეტიკის სექტორის მსგავსად, მოხმარების მოცულობის მიხედვით მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიისთვის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ მეთოდოლოგიურ ცვლილებაზეა და არაერთი კითხვის მიუხედავად, არ ამბობს როგორ განაწილდება ტარიფები.
"კომისიას აქვს უფლებამოსილება ელექტროენერგეტიკის სექტორში სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის, მოხმარების მოცულობის მიხედვით დაადგინოს განსხვავებული ტარიფი. დაახლოებით მსგავსი უფლებამოსილება მიენიჭა კანონმდებლობით კომისიას, რომ ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებშიც საჭიროების შემთხვევაში დაადგინოს ასეთი ტარიფები. აქედან გამომდინარე, მეთოდოლოგიაში შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც საჭიროების შემთხვევაში გვექნება შესაძლებლობა სხვადასხვა მოცულობის მომხმარებელთა კატეგორიისთვის დავადგინოთ განსხვავებული ტარიფები. ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის", - ამბობს ნარმანია.
ჟურნალისტის კითხვაზე შენარჩუნდება თუ არა მაგალითად თბილისში ბუნებრივ აირზე არსებული ტარიფი, ნარმანია პასუხობს, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.
"როგორც წესი, როცა თავის დროზე ელექტროენერგეტიკის სექტორში დიფერენცირება გავაკეთეთ, ავიღეთ საშუალო და მედიანური მოხმარებები ანუ ეკონომიკური და სოციალური კატეგორიები და ამ კატეგორიებზე დაყრდნობით განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები. ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებშიც, როცა ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად ვიხელმძღვანელებთ შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური კატეგორიებით, ხოლო როდესაც მზად ვიქნებით, შესაბამის განმარტებებსაც აუცილებლად მოგაწვდით. წყალმომარაგების სექტორში ტარიფების დადგენას წლის ბოლოს ველოდებით, ბუნებრივი გაზის სექტორთან დაკავშირებით კი მოგვიანებით გეტყვით“, - აცხადებს ნარმანია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…