ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აგრძელებს
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდი ბრიტანეთის 50-მდე ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ბანერები განათავსა. მაია ომიაძის განცხადებით, მესამე კვარტალში ბრიტანელი ვიზიტორების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად განაგრძობს.
კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ბანერებია განთავსებული. მათ შორის, ლონდონის ისეთ პრესტიჟულ უბნებსა და ხალხმრავალ ადგილებში, როგორებიცაა მეიფერი, კენსინგტონი, ნოთინგ ჰილი, ბრიქსტონი, ქვინს პარკი, ჩელსი, ტაუერ ბრიჯი და სხვ. აღნიშნული კამპანია დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის შეფასებით, დიდ ბრიტანეთში განხორციელებულმა ინტეგრირებულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა და პირდაპირმა ავიამიმოსვლამ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ბრიტანელი ვიზიტორების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყო ხელი:
"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს სამიზნე ბაზრებზე და დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული ბაზარი, სადაც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ინტეგრირებული კამპანიები მიმდინარეობს. გარე რეკლამები ლონდონის ქუჩებში, ასევე მეტროში, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ასევე აღსანიშნავია დიდ მედია-ტურისტულ პლატფორმებზე: ბუქინგსა და სკაისკანერზე კამპანიები, სადაც ზამთრის სეზონის პოპულარიზაცია მიმდინარეობს.
მთლიანობაში ბრიტანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარი. მესამე კვარტალში 18%-ით არის გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენები, საბოლოო ჯამში მთლიანობაში ეს ინტეგრირებული მუშაობა იღებს იმ შედეგს, რომ საქართველო კიდევ უფრო მოთხოვნადი და ცნობადი ხდება ბრიტანეთის ბაზარზე და შედეგად, ბევრად მეტი ბრიტანელი მოგზაური სტუმრობს საქართველოს".-აღნიშნავს მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-სა და ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ისრაელსა და სხვა სამიზნე ბაზრებზე, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს.
საერთაშორისო ბაზრებზე გათვლილი მარკეტინგული აქტივობები უცხოელი მოგზაურების დაინტერესებასა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ოთხსეზონური ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…