ნინო წილოსანი – დემოკრატიული სისტემა მუშაობს ისე, რომ ხალხი აკვირდება არჩეულ პარტიას, პრემიერ-მინისტრის თუ მინისტრების დანიშვნის საკითხს და დასკვნებს არჩევნებზე აკეთებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის მტკიცებით, ვეტინგი უცხოური ძალების მიერ შექმნილი სქემა და დემოკრატიული სისტემის საწინააღმდეგო მოდელია, რომლითაც სასამართლო სისტემასა და მთავრობის დაკომპლექტებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

ვეტინგი არის „ენჯეო“ სისტემის იდენტური სქემაა, რომელიც უცხოურმა ძალებმა ბევრ ქვეყანაში შექმნეს, მათ შორის საქართველოში, სადაც მათ მიერ დანიშნული, დაფინანსებული და არჩეული აგენტებით სხვადასხვა სფეროებს, სამინისტროებს, დარგობრივ მიმართულებებს აკონტროლებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიული სისტემა და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა მუშაობს ისე, რომ ხალხი არჩევნებიდან არჩევნებამდე აკვირდება, როგორც არჩეულ პოლიტიკურ პარტიას, ასევე პრემიერ-მინისტრის თუ მინისტრების დანიშვნის საკითხს და შემდგომ დასკვნებს არჩევნებზე აკეთებს.
„ამ შემთხვევაში ვეტინგიც პირდაპირ იმის გამოხატულებაა, თუ როგორ შეეძლოთ, მათ მიერ დანიშნულ და არჩეულ რამდენიმეკაციან ჯგუფს გადაეწყვიტა საქართველოს, ქართული მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის შემადგენლობა და სრულიად არადემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, რაღაც ელიტურ კასტას ეთქვა, ვინ უნდა აგვერჩია მოსამართლედ და ვინ – არა.
რაც შეეხება მონტენეგროს, ფაქტია, რომ ქვეყნების წინააღმდეგ, მათივე სურვილს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები, ყველაზე ნეგატიური ფორმით იყენებენ. მათ შორისაა ვეტინგი, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ უნდოდათ აემუშავებინათ, ამ შემთხვევაში, მონტენეგროში უკვე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის დაკომპლექტებისთვის შემოიღეს. მონტენეგრო სრულიად საპარლამენტო სახელმწიფოა და ხალხი ირჩევს პარლამენტს იმისთვის, რომ პარლამენტმა დააკომპლექტოს მთავრობა და აირჩიოს პრემიერ-მინისტრი, როგორც აღმოჩნდა, ამ პრინციპმა აღარ უნდა იმუშაოს და დემოკრატიის პრინციპიდან სრულიად განსხვავებით, ვეტინგის მეშვეობით, რაღაც გარკვეულმა ჯგუფმა უნდა შეაფასოს, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თუ მინისტრობის კანდიდატი. ზოგადად, დემოკრატიული სისტემა და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა მუშაობს ასე, რომ ხალხი არჩევნებიდან არჩევნებამდე აკვირდება, როგორც არჩეულ პოლიტიკურ პარტიას და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე პრემიერ-მინისტრის თუ მინისტრების დანიშვნის საკითხს და უკვე შემდგომ არჩევნებზე დასკვნებს და გადაწყვეტილებებს აქედან გამომდინარე აკეთებს. ამიტომ, ვეტინგი სრულიად საარჩევნო სისტემის და დემოკრატიული საპარლამენტო სისტემების საწინააღმდეგო მოდელია, რომლითაც როგორც ჩანს, მონტენეგროს წინააღმდეგ გარკვეული ჩარევის მექანიზმები შეიმუშავეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…