გაზეთ The Wall Street Journal-ის კოლუმნისტი: უკრაინაში ომი პუტინის სასარგებლოდ მუშაობს - კონფლიქტმა განამტკიცა მისი ძალაუფლება რუსეთზე და ამავდროულად, ევროპა გახლიჩა
უოლტერ რასელ მიდი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი პუტინის ძალაუფლებას ამყარებს, ხოლო საერთაშორისო დონეზე რუსეთი იგებს, რადგან დემოკრატიული ალიანსი დაღლილობის ნიშნებს ავლენს.

იმ ფონზე, როდესაც ვლადიმირ პუტინი მუდმივად უგულებელყოფს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, თეთრმა სახლმა ფუნდამენტური კითხვა უნდა დასვას: რატომ არის პუტინი ასე მიჯაჭვული უკრაინის ომს? - წერს უოლტერ რასელ მიდი, ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი და გაზეთ The Wall Street Journal-ის კოლუმნისტი.
ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის ძვირადღირებული სახმელეთო ომი მარცხს განიცდის.
„კონფლიქტი მოსკოვის ისედაც გადატვირთულ და არაეფექტურ ეკონომიკას მძიმე რისკების წინაშე აყენებს. უკრაინის ომისთვის ამდენი რურსსის მიმართვამ კრემლს გამოაცალა ძალები ისეთ ადგილებში პოზიციების დასაცავად, როგორიცაა სომხეთი და სირია. ამ ფაქტების გათვალისწინებით, ბევრმა ანალიტიკოსმა არაერთი ანალიტიკური სტატია მიუძღვნა იმას, თუ რატომ აღმოჩნდა უკრაინაში შეჭრა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან სტრატეგიული შეცდომა. თუმცა ჟურნალისტების კრისტალურად სუფთა ლოგიკამ და დამაჯერებელმა პროზამ პუტინის მტკიცე განწყობა ვერ შეარყია. როგორც ჩანს, ის ბოლომდე ბრძოლისკენ არის განწყობილი. მისი ასეთი შეუპოვრობის უკან, როგორც ჩანს, ორი მიზეზი დგას. პირველი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პუტინი, ის სულელი არ არის. იმის მიუხედავად, ფიქრობდა თუ არა ის ომის სწრაფად დასრულებაზე, საჯაროდ ის პოზიციებს არ დათმობს. სისუსტის, ან შეშფოთების ნებისმიერი ნიშანი მხოლოდ წაახალისებს უკრაინელებს, უკეთესი პირობებისთვის იბრძოლონ, ხოლო შინ მის პოზიციებს შეასუსტებს. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მას შეიძლება სჯეროდეს, რომ ომის საშინელი ხარჯები ნაწილობრივ მაინც კომპენსირდება იმ სარგებლით, რასაც მას მოაქვს. ომმა პუტინს რუსეთზე კონტროლის განმტკიცებაში, პოლიტიკური ოპონენტების მარგინალიზებასა და ეკონომიკის სამხედრო მანქანის საჭიროებებზე მორგებაში დაეხმარა. მან აიძულა რუსული არმია, 21-ე საუკუნის რეალობას მორგებოდა და განევითარებინა ის ტექნოლოგიები და სამრეწველო ბაზა, რომელიც გლობალური სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად ესაჭიროება“, - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორის განცხადებით, „კრემლიდან დანახული სურათი ასეთია: შესაძლოა, უკრაინა ბრძოლის ველზე მოულოდნელად კარგადაც გამოიყურება, მაგრამ საერთაშორისო დონეზე რუსეთი ომს იგებს“.
„რაც უფრო გრძელდება ომი, მით უფრო ეფექტური ხდება მოსკოვის პარტნიორობა ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთთან, მაშინ როცა უკრაინის ზურგს უკან მდგომი დემოკრატიული ალიანსი დაღლილობისა და დაყოფის ნიშნებს აჩვენებს. კრემლის გათვლებით, დასავლური ალიანსის პრესტიჟი და ძალაუფლება ილევა. შესაძლოა, გერმანია თავდაცვაზე მეტს ხარჯავს, მაგრამ კრემლი კანცლერ ფრიდრიხ მერცის ანემიურ რეიტინგებს უყურებს და ფიქრობს, რომ საშიში არაფერია. მოსალოდნელია, რომ მომავალ გაზაფხულზე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსული კანდიდატი გაიმარჯვებს, ხოლო ევროკავშირისა და ნატოს რეაქცია რუსულ პროვოკაციებზე მხოლოდ ამყარებს პუტინის რწმენას, რომ ევროპის პოლიტიკური კლასი გათიშული და უნიათოა“, - წერს სტატიის ავტორი.
„ბრძოლის ველზე არსებულმა მძიმე დანაკარგებმა კრემლის გათვლებზე ჯერჯერობით მოსალოდნელზე ნაკლები გავლენა იქონია. თუკი პუტინისთვის დანაკარგები მართლაც მიუღებელია, მას ყოველთვის აქვს არჩევანი, შეაჩეროს გაჭიანურებული სახმელეთო შეტევა და საჰაერო ომი გააძლიეროს. ის ფაქტი, რომ მან სახმელეთო კამპანია განაგრძო, მიუთითებს ან იმაზე, რომ დანაკარგებს ასატანად მიიჩნევს, ანდა იმის რწმენაზე, რომ უკრაინის შეზღუდული ადამიანური რესურსი საბრძოლო მოქმედებების ამჟამინდელ ინტენსივობას ვერ უძლებს. კრემლის ლიდერი ალბათ იმასაც აცნობიერებს, რომ ოდესღაც ომის ხარჯები რუსეთისთვის აუტანელი გახდება, მაგრამ ამჟამად იმედოვნებს, რომ დრო მის მხარესაა. თუკი უკრაინის წინააღმდეგ გამარჯვება დასავლურ ალიანსს დაანგრევს და შეასუსტებს, მაშინ ომის სარგებელი, მისი გადასახედიდან, ყველა ხარჯს გაამართლებს. მიუხედავად ამისა, არსებობს გზები, რომლებითაც ერთიან დასავლეთს კრემლის გათვლების შეცვლა შეუძლია. მაგრამ მოსკოვი სულ უფრო რაციონალურად უგულებელყოფს ამ შანსს. დემოკრატიაზე, სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ადამიანის უფლებებზე რიტორიკა არსებობს, თუმცა ის მკაფიო აზროვნება და მიზანმიმართული ქმედებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს ომის გადაფასებას აიძულებდა, ჯერჯერობით არ ჩანს. სანამ ეს არ შეიცვლება, ძნელია წარმოდგენა, რომ პუტინი კურსს შეცვლის - მიუხედავად იმისა, თუ რა მაცდუნებელ გამოსავალს შესთავაზებენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი კოლეგები“, - დასძინა სტატიის ავტორმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…