საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცეს
საქართველოს პარლამენტში 38 ახალგაზრდისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა დასრულდა და მათ სერტიფიკატები გადასცეს.

საქართველოს პარლამენტში ანაზღაურებადი სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა დასრულდა. სტაჟირების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა, კომიტეტების თავმჯდომარეებმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა გადასცეს.
„პარლამენტის სტაჟიორებს დღეს სიმბოლურად ვემშვიდობებით. თქვენ პარლამენტში უმნიშვნელოვანესი პროცესების მონაწილეები იყავით და ეს არ იყო მხოლოდ ტექნიკურად დასაქმების ადგილი. ცოდნა, გამოცდილება, ურთიერთობები და ის საინტერესო პროექტები, რომლებშიც მონაწილეობდით, პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოსა და საჯარო უწყებასთან პირველი შეხება ჰქონდათ და მათ შემდგომ საქმიანობაში ეს გამოცდილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარლამენტში სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი ფარატინა ქაღალდი არ არის და ის შემდგომი განვითარების წინაპირობას ქმნის. მისი თქმით, ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოში სტაჟირებისას არა მხოლოდ პარლამენტის კონკრეტული სტრუქტურის საქმიანობის სპეციფიკა შეისწავლეს, მათ ასევე ისწავლეს ურთიერთობები პარლამენტის თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებთან.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე პარლამენტში სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა, კახა ოქროჯანაშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 6 თვის განმავლობაში ახალგაზრდებმა პარლამენტის საქმიანობის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღეს და ამასთან, აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო ორგანოში განხორციელებულ ღონისძიებებში. მისი თქმით, პარლამენტის აპარატის უფროსის ერთგვარი პრივილეგიაა სტაჟიორების მიღება და შემდგომ მათი გაცილება.
„პარლამენტში სტაჟირების პროგრამაში საინტერესო ახალგაზრდები მონაწილეობენ. სტაჟიორებმა ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღეს. თქვენ საზოგადოების იმ ნაწილს უბრუნდებით, რომლის ხელშიც არის ამ ქვეყნის აღმშენებლობა და წარმატება“, - განაცხადა კახა ოქროჯანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სტაჟირების 6-თვიან პროგრამაში 38 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…