საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილი 19 დეკემბერს RAF 16-ის ტურნირზე იასპარეზებს. ლაზიშვილმა ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უმართან ბრძოლა მისთვის პირადული საკითხია.

21 წლის მოჭიდავე საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერის დამარცხების შემდეგ, RAF-ის (Real American Freestyle) ეგიდით მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს ჩაატარებს.
„საბა თავის გზას განაგრძობს - ლონგ აილენდზე RAF 16-ის ტურნირზე სერხიო პეტისისა და კოდი გარბრანდს შორის ბრძოლაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება", - ნათქვამია ლიგის განცხადებაში.
ლაზიშვილმა ჟურნალისტ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში, მერაბ დვალიშვილთან ერთად დაღესტნელელ მებრძოლებთან ჩხუბის შესახებ ისაუბრა:
„ამ შეტაკების დროს მოხდა ისეთი რაღაცები, რაც ვიდეოზე არ ჩანს. ახლა ამაზე საუბარი არ მინდა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ამ ბიჭებისგან ასეთ სიმხდალეს არ ველოდი. მე მათი გულშემატკივარი ვიყავი. ვიცი, რომ ისინი გამოჩენილი სპორტსმენები და ნიჭიერი ადამიანები არიან, მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ასე მოიქცნენ.
უბრალოდ ტელეფონს ვათვალიერებდი და ვერც კი შევამჩნიე, როგორ მივიდა უსმანი მერაბთან და ხელი გაარტყა. უსმანი პირადად პირველად ვნახე. მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი და მის ბრძოლებს ვუყურებდი. მისი საქციელი ჩემთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. იმ მომენტში მერაბიც კი ღიმილით შემობრუნდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ელოდა.
არა მგონია, რამე ისეთი გამეკეთებინა, რასაც სხვა ქართველი კაცი ჩემს ადგილას არ გააკეთებდა. ყველა ასევე უნდა მოიქცეს. ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით ჩვენს ძმებს - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ადრენალინზე ვიყავი. ბევრი არ მიფიქრია იმაზე, რაც ხდებოდა. მე მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რაც იმ მომენტში სწორად მიმაჩნდა.
სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. უბრალოდ, აღდგენისთვის ცოტა დრო მჭირდება, რადგან ჭიდაობის დროს მიღებული ტვინის შერყევის გამო ჯერ კიდევ ძლიერი თავბრუსხვევა მაწუხებს. ეს ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო. როგორც ნახეთ, იურაია ფაბერი ძალიან ძლიერი მეტოქეა, ის შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ამიტომ, დრო მჭირდება ძალების აღსადგენად და კარდიო-მომზადების დასაბრუნებლად. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე არანაირი სერიოზული ტრავმა არ მაქვს, რაც ვარჯიშში ხელს შემიშლის. ვაპირებ, ვივარჯიშო და შესანიშნავ ფორმაში ჩავდგე.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან მომიწევს ბრძოლა. შეგვიძლია ბრძოლა ჩავატაროთ უმართან ან უსმანთან. მოკლედ, ნებისმიერთან, ვისაც ისინი შემოგვთავაზებენ. თუმცა, განსაკუთრებით უმართან მინდა შეხვედრა, რადგან ეს ჩემთვის პირადული საკითხია. რატომ? როგორც უკვე ვთქვი, კულისებს მიღმა გარკვეული რაღაცები მოხდა, რამაც გულწრფელად მატკინა გული. ჩვენ სპორტსმენები ვართ, მებრძოლები. თუ დამარტყამ, ფიზიკური ტკივილი არც ისე მნიშვნელოვანია. გამოვჯანმრთელდები და სისხლჩაქცევები გაქრება, მაგრამ, როდესაც ადამიანს დიდ პატივს სცემ, შემდეგ კი პირადად ხვდები და ხედავ, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს ის სინამდვილეში, ეს ისეთი რამაა, რაც ადამიანს მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.
მან ჩემზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა. გულწრფელად მეცოდება ის ორი ძმა, რადგან დაღესტნიდან ბევრ შესანიშნავ ბიჭს ვიცნობ, ბევრ შესანიშნავ მოჭიდავესა და MMA-ის მებრძოლს. ისინი კარგი ადამიანები არიან. მართლაც სამწუხაროა, რომ დაღესტანს ასე ცუდად წარმოაჩენენ ასეთი ფართო აუდიტორიის წინაშე. რაც მოხდა, ბევრმა ნახა. ახლა ბევრი დაღესტნელი მებრძოლების წინააღმდეგ განეწყო და მათზე ბევრ ნეგატიურ რამეს ამბობს.
ჩემთვის ძალიან არასასიამოვნოა, რომ ადამიანებმა დაღესტნელებზე ასე ნეგატიურად საუბარი დაიწყეს. მინდა, თქვენი არხის მეშვეობით ყველას მივმართო: გთხოვთ, ნუ გამოავლენთ აგრესიას დაღესტნელი ბიჭების მიმართ. ისინი შესანიშნავი ხალხია. არ შეიძლება, ყველა ერთნაირად განსაჯოთ მხოლოდ იმ ორი ძმის გამო“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…