შესაძლოა საჭირო გახდეს კანონმდებლობის გადახედვა - პაპუაშვილი თბილისის პოლიტიკურ სკოლაზე
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ევროსაბჭომ კანონმდებლობის გვერდის ავლით დააფინანსა ბახმაროში გამართული თბილისის პოლიტიკური სკოლის სემინარი, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, შესაძლოა კანონმდებლობის გადახედვა გახდეს საჭირო.

ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ევროსაბჭო კანონისთვის გვერდის ავლის გზით აფინანსებს პოლიტიკოს რამაზ ახვლედიანს პროექტს, საჭირო გახდება კანონმდებლობის გადახედვა.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან თბილისის პოლიტიკურ სკოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, "ნაცი" პოლიტიკოსის დასაფინანსებლად მობრუნდა. მისი აზრით, შესაძლოა საქმე კანონმდებლობისთვის გვერდის ავლასთან გვქონდეს.
"ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ, ევროსაბჭოს მათ შორის ჩვენც ვაფინანსებთ - საქართველოს მოქალაქეების ფული სტრასბურგში წავიდა და ბახმაროში, ნაცი პოლიტიკოსის დასაფინანსებლად მობრუნდა - ამიტომ არ გვინდა, რომ ქართველების ფული ნაცების რადიკალურ პროექტებზე იხარჯებოდეს - შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ იქნება, რადიკალი პატრიოტს ვერ აღზრდის. რასაც არმაზ ახვლედიანისგან საჯაროდ ისმენთ, სავარაუდოდ, ის ითქმის შიგნით. [...]
ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პირდაპირ უცხოეთიდან დაფინანსებული. ვნახეთ მთავრობის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ არანაირ გრანტზე მათთვის არავის არ მიუმართავს და ვნახეთ, ევროსაბჭოს მედიის ოფისის განმარტება, რომ ეს გრანტი არ იყო. აბა რა იყო? - შესაძლოა საქმე გვქონდეს იმასთან, რაზეც მანამდე ვსაუბრობდით.
როდესაც ჩვენ "გრანტების შესახებ" კანონს ვიღებდით, თავდაპირველ ვერსიაში ვალდებულება იყო, რომ ყველა უცხოურ ხარჯს, მათ შორის ორგანიზაციების პირდაპირ ხარჯსაც მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონოდა. შემდეგ საელჩოების მხრიდან იყო თხოვნა, რომ საჯარო დიპლომატია არის საელჩოს საქმიანობა, მაგალითად, საფრანგეთმა საქართველოს ფრანგული კულტურა, ფრანგული კულინარია ან გერმანიის ელჩმა თბილისელებს გერმანული არქიტექტურა რომ გააცნოს, რომელიც თბილისშია, ესეც ხარჯია და ამაზე მთავრობის თანხმობა არ უნდა გვჭირდებოდეს. კანონის საბოლოო ვერსიაში აისახა, რომ თუკი პირდაპირი ხარჯია, ამას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, თუმცა მაშინვე ვეუბნებოდით, რომ ეს იმ საქმეს ეხება, რომელიც უშუალოდ საელჩოს თუ ორგანიზაციის საქმეა და იმედია, ამას გვერდის ავლისთვის არ გამოიყენებდნენ." - ამბობს პაპუაშვილი.
ივანიშვილის წარმომადგენელი ეჭვობს, რომ ბახმაროში თბილისის პოლიტიკური სკოლის მიერ ჩატარებული სემინარი ევროსაბჭომ კანონმდებლობის გვერდის ავლით დააფინანსა. ის აცხადებს, რომ თუკი ეს დადასტურდება, ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება და საჭირო გახდება კანონმდებლობის შეცვლა.
"ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობისთვის გვერდის ავლასთან. მოდიოდა ხმები, რომ მოფიქრებული იყო კანონისთვის გვერდის ავლის სქემები. თუკი მანამდე ევროსაბჭო რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის პროექტს გრანტს აძლევდა, ახლა განმარტებებიდან ჩანს, რომ გრანტი არ მისცეს და პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა იქირავა სასტუმრო, ავტობუსი, კვების ფული პირდაპირ ევროსაბჭოს ოფისმა გადაიხადა და ექსპერტებსა და მომხსენებლებს ფული მან გადაუხადა. თუკი ეს ასეა, კანონის გვერდის ავლასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან ჩვენ ნდობა არ გვქონდა, კანონში ახლაც არის ნორმა, რომ თუ ხელშეკრულება თავისი დასახელებით არის არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ არსით ეს არის გრანტი, მაშინ ეს თვალთმაქცური გარიგებაა და გრანტად ჩაითვლება.
თეთრი ძაფით ნაკერ კანონისთვის გვერდის ავლას ჰგავს ყველაფერი. კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული. თუ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონს არღვევს და კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ეს ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება. აუდიტის სამსახური იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს. თუ ეს ასე აღმოჩნდება, საჭირო გახდება კანონმდებლობის გადახედვა, რადგან ეს იქნება ჩვენი ხალხის კანონების აბსოლუტური ფეხქვეშ გათელვა, როდესაც ამბობ, რომ ამიკრძალავ გრანტებს, მაშინ მოვძებნი სანქციებისთვის გვერდის ავლის გზას. ახლა ორგანიზაციებს გრანტს აღარ აძლევენ, მაგრამ "ენჯეოს" თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულება იდება და მას წარმოადგენენ როგორც თავის თანამშრომელს." - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი თბილისის პოლიტიკურ სკოლაზე: ევროსაბჭოს პასუხი აქვს გასაცემი
ცნობისთვის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს და მას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ბახმაროს შეხვედრაზე მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს კანონმდებლობის გვერდის ავლასთან, სკანდალი იქნება, თუ ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღოჩნდება გახვეული
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…