ალექსანდრ სტუბის სიტყვა ევროპის მომავალსა და გაფართოებაზე
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა გაფართოების ფორუმზე ევროკავშირის მომავალ წევრებად უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთი დაასახელა, თუმცა საქართველო საერთოდ არ უხსენებია.

„გაფართოება არ არის ტექნიკური სავარჯიშო მოლაპარაკების თავების ან ინსტიტუციური რეფორმების შესახებ — ეს არის სტრატეგიული არჩევანი კონტინენტის მომავალზე“, — განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ევროკომისიის ორგანიზებულ გაფართოების ფორუმზე.
ევროკავშირის მომავალ წევრებსა და პარტნიორებზე საუბრისას, სტუბმა ჩამოთვალა უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთი და სხვა, ისაუბრა თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, თუმცა არ უხსენებია საქართველო.
ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საშუალო ძალა არაა, არამედ დიდი ძალაა და მოუწოდა როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ისე კანდიდატ ქვეყნებს, იაზროვნონ მასშტაბურად.
„გაფართოება — შემოქმედებით, მოქნილ და ეტაპობრივ ინტეგრაციასთან ერთად — კვლავ უნდა იქცეს ჩვენი დროის ერთ-ერთ ცენტრალურ სტრატეგიულ პროექტად. სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ევროპა უფრო ძლიერ პოზიციაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოდით, გავაგრძელოთ სვლა ამ გზით“, — თქვა მან.
ალექსანდრ სტუბის სიტყვა გაფართოების ფორუმზე:
„ყველა თაობა დგება განმსაზღვრელი ამოცანის წინაშე. იმ თაობისთვის, რომელიც 1999 წელს ჰელსინკის ევროპულ საბჭოზე შეიკრიბა, ამოცანა ნათელი იყო. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ გადაგველახა ცივი ომის გამყოფი ხაზები და ხელახლა გაგვეერთიანებინა ევროპა. ის დრო საკმაოდ კარგად მახსოვს, რადგან ბრიუსელში ფინეთის მუდმივ წარმომადგენლობაში ვმსახურობდი. ეს ფინეთის პირველი თავმჯდომარეობა იყო. და ის, რაც მაშინ ვისწავლე, ჩემთან დარჩა: გაფართოება არ არის ტექნიკური სავარჯიშო მოლაპარაკების თავების ან ინსტიტუციური რეფორმების შესახებ — ეს არის სტრატეგიული არჩევანი კონტინენტის მომავლის თაობაზე.
1999 წლის დეკემბრის ჰელსინკის ევროპული საბჭო ცოტა ბნელი და ცივი იყო, მაგრამ მან გახსნა ყველაზე მასშტაბური გაფართოების პროცესი, რაც კი ევროკავშირს ოდესმე განუხორციელებია. გაწევრიანების მოლაპარაკებები 6 ქვეყანასთან დაიწყო, ხოლო თურქეთს პირველად მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, ჰელსინკიში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ევროპა გარდაქმნა. ამ გადაწყვეტილებებმა გააფართოვა დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სივრცე. კონტინენტის აღმოსავლეთით მდებარე საკვანძო ქვეყნები მყარად დაამკვიდრა ევროპულ ოჯახში და
ვამტკიცებ, რომ მათ ევროპა უფრო ძლიერი გახადეს.
დღეს ჩვენ ძალიან მსგავსი მომენტის წინაშე ვდგავართ. რა თქმა უნდა, გარემოებები განსხვავებულია, მაგრამ სტრატეგიული გამოწვევა იმავე მასშტაბისაა. როგორ გავაძლიეროთ ევროპა დიდი სახელმწიფოების კონკურენციის, ჩვენს კონტინენტზე მიმდინარე ომის, ტექნოლოგიური მეტოქეობისა და მზარდი გაურკვევლობის სამყაროში? ჩემი პასუხია გაფართოება. ჩვენ კარგად უნდა გამოვიყენოთ ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი, რაც კი ევროკავშირს ოდესმე ჰქონია. არცერთ სხვა პოლიტიკას არ გარდაუქმნია ჩვენი კონტინენტი უფრო ეფექტიანად. არცერთ სხვა პოლიტიკას არ მოუხდენია სტაბილურობის ექსპორტი ან ევროპული ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების პროეცირება უფრო წარმატებით. გაფართოება არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ როგორც ტექნიკური პროცესი — ეს არის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი და, დიახ, ძალა ზომაშიცაა. რაც უფრო დიდია ევროკავშირი, მით მეტი გლობალური ძალის პროეცირება შეგვიძლია. წარმოიდგინეთ ევროკავშირი, ვთქვათ, 2040 წელს, 40 წევრი სახელმწიფოთი. ეს მსოფლიოს ქვეყნების 20%-ია. ეს არის ძალა.
მაგრამ სანამ გაფართოებას უფრო ღრმად შევეხები, ნება მომეცით, ევროპაზე უფრო ფართო მოსაზრება გამოვთქვა. უკვე დავიღალე ევროპის მუდმივი დაკნინებით. წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ევროპა ჩამორჩება, კარგავს მნიშვნელობას და
უმნიშვნელობისკენ მიექანება იმ სამყაროში, რომელსაც ამერიკული და ჩინური ძალა განსაზღვრავს. მიუხედავად ამისა, როდესაც ქვეყნები მსოფლიოს უყურებენ და ეძებენ სტაბილურობას, პროგნოზირებადობას, კანონის უზენაესობას, ცხოვრების მაღალ სტანდარტს, უსაფრთხოებასა და სანდო პარტნიორებს, ისინი კვლავ ევროპისკენ იხედებიან. ყველა ამ სფეროში რეიტინგების სათავეში ვართ. უბრალოდ შედით თქვენს საყვარელ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციაში და დასვით კითხვა: რომელია ცხოვრების უმაღლესი ხარისხის მქონე 10 ქვეყანა? ნახავთ, რომ მათი უმეტესობა ევროპიდანაა.
რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით გამოწვეული შოკის შემდეგ, ევროპამ გააძლიერა თავისი სამხედრო შესაძლებლობები და გეოპოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა. ევროპა ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს მანამდე. ევროპის თავდაცვითი გამოფხიზლება ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ძვრაა. თავდაცვის ხარჯები მთელ კონტინენტზე იზრდება, თავდაცვითი ინდუსტრიები ფართოვდება, კომპანიები იზიდავენ ინვესტიციებს და ავითარებენ ახალ შესაძლებლობებს. მთავრობები და კომპანიები ერთად მუშაობენ ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად და ფრაგმენტაციის შესამცირებლად. სამხედრო სიძლიერეს პოლიტიკური სიძლიერე მოაქვს. ევროპა, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, არის ევროპა, რომლის ხმასაც მსოფლიოში წონა აქვს. ეს ასევე არის ევროპა, რომელსაც უსაფრთხოება მოაქვს თავისი სამეზობლოსთვის, რასაც უკრაინის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერაც ადასტურებს.
ამავდროულად, მსოფლიოს ქვეყნები გადააფასებენ თავიანთ სტრატეგიულ დამოკიდებულებებს. იდეა, რომ ურთიერთდამოკიდებულება ავტომატურად უზრუნველყოფს მშვიდობას, სამწუხაროდ, ქრება. ვაჭრობა, ტექნოლოგია, ენერგეტიკა, ფინანსები, მიწოდების ჯაჭვები — ყველაფერი ძალაუფლების ინსტრუმენტებად იქცა. მაგრამ შეხედეთ ამას პოზიტიურად: სად აქვს კომისიას ექსკლუზიური კომპეტენცია? ვაჭრობა, საბაჟო, მონეტარული პოლიტიკა, კონკურენცია. დღეს ეს ძალაუფლების ინსტრუმენტებია, რომელთა გამოყენებაც შეიძლება და აუცილებელიცაა.
ამ გარემოში ევროპა გვთავაზობს იმას, რაც სულ უფრო იშვიათი ხდება — არა მხოლოდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, არამედ პროგნოზირებადობას, კანონის უზენაესობასა და სტაბილურობას. შედეგად, დიდი თუ პატარა ქვეყნები ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს ეძებენ. შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირმა ახლა შეძლო სავაჭრო შეთანხმებების დასრულება ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა მერკოსური, ინდოეთი და ავსტრალია. ევროკავშირს აქვს მიზიდულობა, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გრავიტაცია და, დიახ, შესაძლოა, ზოგჯერ ბიუროკრატიულად და მოსაწყენად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ იცით რა? დღევანდელ არაპროგნოზირებად სამყაროში მოსაწყენობა ზოგჯერ კარგია. სხვათა შორის, ევროკავშირი საშუალო ძალა არ არის, ევროკავშირი დიდი ძალაა.
ახლა კი დავუბრუნდები გაფართოებას. კომისიის ხედვა ეტაპობრივი ინტეგრაციის შესახებ მისასალმებელი ნაბიჯია ისეთი კავშირისკენ, სადაც კანდიდატებს შეეძლებათ, გაწევრიანებამდე დაიწყონ ევროპული ინტეგრაციის სარგებლისა და პასუხისმგებლობების გაზიარება. რა თქმა უნდა, გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს. ქვეყნები მაშინ წევრიანდებიან, როდესაც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები მნიშვნელოვანია. ევროკავშირი არის და უნდა დარჩეს ღირებულებების ერთობად. ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებზე კომპრომისი არასდროს უნდა დაიშვას და ამ გეოპოლიტიკურ გარემოში მნიშვნელოვანია, რომ განმცხადებელი ქვეყნები შეესაბამებოდნენ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.
მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გეოპოლიტიკური საათი უფრო სწრაფად წიკწიკებს, ვიდრე გაწევრიანების პროცესი. დღევანდელ სამყაროში პრინციპი „ყველაფერი ან არაფერი“ არ იმუშავებს. ჩვენ უფრო დახვეწილი, უფრო მოქნილი მიდგომა გვჭირდება. ევროკავშირმა უფრო მოქნილი და ეტაპობრივი ინტეგრაცია უნდა მიიღოს. ასეა თუ ისე, ჩვენ საკმაოდ ხშირად ძალიან მოქნილები ვართ. ევროპა წინ არ უნდა მიდიოდეს მხოლოდ უმცირესი საერთო მნიშვნელით. მსურველებსა და შემძლეებს უნდა შეეძლოთ წინსვლა, ხოლო თანამშრომლობა ყოველთვის ღია უნდა იყოს სხვების შემოერთებისთვის. ჩვენ ეს უკვე გვაქვს ხელშეკრულებებში გაძლიერებული თანამშრომლობის ფორმითა და მასზე მოქმედი პირობებით.
გამოწვევა აღარ არის მხოლოდ ის, თუ როგორ მართავს ევროპა საკუთარ თავს. გამოწვევა ისაა, თუ როგორ გავუწიოთ ორგანიზება იმ ქვეყნების მზარდ ჯგუფს, რომლებსაც სურთ იყვნენ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სივრცის ნაწილი.
დავიწყოთ აღმოსავლეთით – უკრაინა და მოლდოვა ევროპას ეკუთვნიან. თუ რუსეთის სტრატეგიული მიზანი იყო უკრაინისთვის ევროპისკენ გზის გადაკეტვა, უკრაინის ან მოლდოვის რუსულად ქცევა, სრულიად საპირისპირო მოხდება. თქვენ ევროპელები ხართ და ევროკავშირის წევრები გახდებით. თქვენი გაწევრიანება კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს, მაგრამ როდესაც რეფორმები შესრულდება, ევროპამ სისწრაფითა და სიმტკიცით უნდა უპასუხოს. სტრატეგიული არგუმენტი უდავოა. უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იცავს, არამედ იცავს სწორედ იმ პრინციპებს, რომლებსაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება. მას ჰყავს უძლიერესი შეიარაღებული ძალები კონტინენტზე და აქვს უახლესი, ბრძოლის ველზე გამოცდილი, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები. თქვენ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია ხართ. ჩვენ გვჭირდება უკრაინა, როგორც პარტნიორი უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიაა, არამედ შემაკავებელი ფაქტორია მთელი ევროპისთვის.
ამავდროულად, კანდიდატები პასიურ ლოდინში არ უნდა ვამყოფოთ — ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობები უნდა გავაღრმაოთ. ევროკავშირის ორგანოებსა და სამიტებში მონაწილეობა ზრდის თანხვედრასა და მიკუთვნებულობის განცდას. წვდომა
ერთიანი ბაზრის ნაწილებზე, სხვადასხვა პოლიტიკასა და პროგრამაზე ხელშესახებ სარგებელს იძლევა და აჩქარებს რეფორმებს. ეს ნაბიჯები არ უნდა განიხილებოდეს სრულუფლებიანი წევრობის შემცვლელად. პირიქით, ისინი მისკენ მიმავალ ამაჩქარებლად და საფეხურად უნდა იქცეს. ყოველი ნაბიჯი, რომელიც აძლიერებს უკრაინას, აძლიერებს ევროპას. იგივე ეხება მოლდოვასაც.
სამხრეთით — მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ დასავლეთ ბალკანეთში იმპულსს ვიბრუნებთ. მონტენეგრო ევროკავშირის მომდევნო წევრი სახელმწიფო გახდომის გზაზეა. იმედი მაქვს, მონტენეგროს მაგალითი სამეზობლოში სხვებსაც შთააგონებს. რეფორმებს პროგრესი მოჰყვა. ღიად უნდა ვისაუბროთ თურქეთზეც — ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვან აქტორსა და ნატოს შეუცვლელ მოკავშირეზე. დიახ, ღირებულებებში ზოგჯერ განვსხვავდებით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ინტერესები თანხვედრაშია. იმ სფეროებში, სადაც ეს ხდება, თანამშრომლობა შეიძლება და უნდა გაღრმავდეს.
ჩრდილოეთშიც გვყავს შეუცვლელი პარტნიორები. ისლანდიაში გამართულმა ბოლო რეფერენდუმმა აჩვენა, რომ ისლანდიელთა უმრავლესობას ამჟამად არ სურს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლება და ჩვენ პატივს ვცემთ ამ დემოკრატიულ არჩევანს. წევრობა სიახლოვის ერთადერთი საზომი არ არის. ისლანდიასა და ნორვეგიასთან ჩვენი მიზანი მარტივი და მკაფიო უნდა იყოს — რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა. სკანდინავიისა და არქტიკის რეგიონი ერთიან სტრატეგიულ სივრცედ ყალიბდება. გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკაში, არქტიკის საკითხებში, ინოვაციებში, მედეგობასა და თავდაცვით ინდუსტრიაში.
დასავლეთითაც იგივე სტრატეგიული აზროვნება უნდა გვქონდეს. ცხადია, ევროკავშირის დატოვება ცუდია როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, იმ ქვეყნისთვის, რომელიც ამას აკეთებს. ვფიქრობ, „ბრექსიტმა“ დაამტკიცა, რომ ეს სიმართლეა. ჩვენ ვითანამშრომლებთ გაერთიანებულ სამეფოსთან და ყველა ვარიანტს ღიად დავტოვებთ, მათ შორის უფრო ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობასა და მომავალში შესაძლო წევრობას. დღეს, როცა ევროპაში ომის წინაშე ვდგავართ, ფაქტი ფაქტად რჩება — ევროპას სჭირდება მეტი ბრიტანეთი, ბრიტანეთს სჭირდება მეტი ევროპა. გაერთიანებული სამეფო სანდო პარტნიორია თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, ასევე ინდუსტრიასა და ეკონომიკურ
უსაფრთხოებაში. ამიტომ გთავაზობთ, ახალი ფურცელი გადავშალოთ. უნდა გამოვიდეთ იმ აზროვნებიდან, თითქოს ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებისთვის უნდა დაისაჯოს. ნუ გავამახვილებთ ყურადღებას წარსულზე და ნუ მივუბრუნდებით ძველ დავებს, მომავალზე ვკონცენტრირდეთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ევროპის ინტერესებშია, რომ ბრიტანეთი გარეთ იყოს თუ შიგნით, და ამ დაშვებიდან გამომდინარე იმოქმედეთ. მოდით, ავაშენოთ პრაქტიკული თანამშრომლობა თავდაცვასა და სამხედრო მობილობაში, დაზვერვაში, ტექნოლოგიებში, კვლევებსა და ინდუსტრიულ შესაძლებლობებში. ლოგიკა კვლავ მარტივი უნდა იყოს, რაც შეიძლება მჭიდროდ — და ვნახოთ, საით მიგვიყვანს. მე ვიქნებოდი პირველი, ვინც გაერთიანებულ სამეფოს გაშლილი ხელებით მიიღებდა უკან, და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ოჯახის 3 წევრს ორმაგი მოქალაქეობა აქვს — ფინური და ბრიტანული.
რაც შეეხება კანადას, იგივე ამბიცია მოქმედებს. კანადა ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ის უდავოდ ევროატლანტიკური სტრატეგიული თანამეგობრობის ნაწილია. ის იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, დემოკრატიულ ტრადიციებსა და უსაფრთხოების ინტერესებს. ამიტომ ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ კომისია უფრო ამბიციურად ფიქრობს ასოცირების ახალ ფორმებზე. როგორც კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღწერა, მიზანი უნდა იყოს ისეთი რამის აშენება, რაც წევრობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც აქამდე გაგვიკეთებია. მე მას ამაში მხარს ვუჭერ. არ უნდა არსებობდეს დაბრკოლება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ნორვეგია, ისლანდია, გაერთიანებული სამეფო და კანადა, რომ ჩაერთონ თანამშრომლობაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, კოსმოსი ან არქტიკა. მსოფლიო იცვლება და ჩვენი ინსტიტუციური წარმოსახვაც მასთან ერთად უნდა განვითარდეს.
დასასრულს, დებატები გაფართოების შესახებ ხშირად განიხილება, როგორც დებატები ევროკავშირის გაზრდაზე. მე მჯერა, რომ ეს ბევრად, ბევრად უფრო დიდი რამაა. საქმე ეხება ევროპასა და მთელ ჩვენს სტრატეგიულ თანამეგობრობას. ზოგიერთი ქვეყანა სრულუფლებიანი წევრი გახდება, სხვები მონაწილეობას მიიღებენ ინტეგრაციისა და პარტნიორობის სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ყველას შეუძლია წვლილი შეიტანოს ერთსა და იმავე სტრატეგიულ მიზანში, რაც არის უფრო ძლიერი, უფრო უსაფრთხო და უფრო გავლენიანი ევროპა.
ლიდერებმა, რომლებიც 1999 წელს ჰელსინკიში შეიკრიბნენ, გააცნობიერეს, რომ ისტორია ზოგჯერ იძლევა მომენტებს, რომლებიც თაობებს განსაზღვრავს. მათ ეს მომენტი გამოიყენეს. ახლა ისტორია კიდევ ერთ ასეთ მომენტს გვთავაზობს. ევროპა გამოფხიზლდა. ევროპა ხელახლა იარაღდება. ევროპა გეოპოლიტიკურ აქტორად იქცა. ჩვენ გვჭირდება ხედვა და თავდაჯერებულობა, რათა ამ რეალობას ვუპასუხოთ.
მოვუწოდებ როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ისე კანდიდატ ქვეყნებს, იაზროვნონ მასშტაბურად. გაფართოება — შემოქმედებით, მოქნილ და ეტაპობრივ ინტეგრაციასთან ერთად — კვლავ უნდა იქცეს ჩვენი დროის ერთ-ერთ ცენტრალურ სტრატეგიულ პროექტად. სინამდვილეში ვფიქრობ, რომ ევროპა უფრო ძლიერ პოზიციაშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მოდით, გავაგრძელოთ ამ გზით სვლა“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…