ურსულა ფონ დერ ლაიენი - მრავალი წლის განმავლობაში პირველად, გაფართოების რეალური პერსპექტივის წინაშე ვდგავართ, ასევე, კანდიდატები ინტეგრაციის უპირატესობებით ადრეულ ეტაპზევე ისარგებლებენ - რატომ უნდა დაელოდონ გაფართოებას, რომ ეკონომიკური სარგებელი ჰქონდეთ?
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მრავალი წლის შემდეგ ევროკავშირი გაფართოების რეალური პერსპექტივის წინაშე დგას და კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ინტეგრაციით სარგებლობა პროცესის დასრულებამდეც შეეძლებათ.

მრავალი წლის განმავლობაში პირველად, გაფართოების რეალური პერსპექტივის წინაშე ვდგავართ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაფართოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან იმ კანდიდატ ქვეყნებზე ისაუბრა, რომლებსაც გაწევრიანების გზაზე პროგრესი აქვთ.
“მონტენეგრო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპს უახლოვდება. ალბანეთი შთამბეჭდავ პროგრესს აღწევს. მოლდოვა და უკრაინაც, უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, წარმატებით მიიწევენ წინ ევროპული გზით. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირის იმ წესის მოდერნიზებას, რომლის მიხედვითაც კანდიდატ ქვეყნებს ბლოკში გაწევრიანება შეუძლიათ.
“ამ მიმართულებით ორი მიზანი გვაქვს: კანდიდატ ქვეყნებს ინტეგრაციის უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობა უფრო ადრეულ ეტაპზევე მივცეთ და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი საერთო წესები გაწევრიანების შემდეგაც დაცული იყოს. ნება მომეცით, აგიხსნათ. ვნახეთ არაჩვეულებრივი ეკონომიკური სარგებელი, რომლის მოტანაც ინტეგრაციას შეუძლია. მაშ, რატომ უნდა დაელოდონ მოქალაქეები გაფართოების პროცესის დასრულებას, რომ ეს სარგებელი ჰქონდეთ? სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი ზრდის გეგმები და ეტაპობრივი ინტეგრაციის პოლიტიკა. ევროპა ერთიანი ბაზრის გარკვეულ სექტორებს ხსნის, სანაცვლოდ კი გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნები მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებენ, რათა ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პირობებთან თანაბარი კონკურენციის გარემო უზრუნველყონ. ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი ინვესტიციებიც ახლავს თან. ამ მიდგომას ვიყენებთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში. მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონია ზრდის გეგმის შესაძლებლობებს განსაკუთრებულად კარგად იყენებს. პრინციპი მარტივია: რეფორმების კუთხით პროგრესი ინტეგრაციის გაღრმავებასა და ორივე მხარისთვის ახალი ბაზრების გახსნას განაპირობებს”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, გაწევრიანებამდე აღებული ვალდებულებები გაწევრიანების შემდეგაც უნდა შესრულდეს.
“ეს არის გაკვეთილი, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მივიღეთ. ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ყოველდღიურად უნდა იყოს დაცული. სწორედ ამიტომ გამოვდივართ გაწევრიანების შემდგომი გარანტიების გაძლიერების შეთავაზებით. ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენს კავშირში გაწევრიანებისას იკისრა. ამასთან, ყოველი გაფართოება ევროპას უფრო ძლიერს უნდა ხდიდეს. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს იმას, რომ მომდევნო გაფართოება ყველასთვის წარმატებული იყოს - როგორც იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ჩვენს კავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ, ისე მათთვის, ვინც მას უკვე საკუთარ სახლს უწოდებს”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…