ირაკლი ჭეიშვილი - ALDE-ს კი არა, აბსოლუტურად არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში - ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს!
დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ALDE-ს საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩარევის უფლება არ აქვს, ხოლო სასამართლო პროცესის პარალელურად სანქციებზე საუბარი ხელისუფლებისა და მოსამართლეების შანტაჟია.

ALDE კი არა, აბსოლუტურად არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში - ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ALDE-ს მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, არჩევნები 2028 წლამდე არ ჩატარდება, თუმცა "როცა არ უნდა დაინიშნოს, დღევანდელი ოპოზიცია მაინც უშანსოდ არის".
რაც შეეხება სანქციების ნაწილს - "ქართული ოცნების" დეპუტატის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მომდინარე პროცესის პარალელურად რომ მსგავს განცხადებას გააკეთებ, ეს არის ხელისუფლების და მოსამართლეების შანტაჟი.
„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამოუკიდებლად ვწყვეტთ, როგორ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ იყოს უკეთესი. ALDE-ს კი არა, აბსოლუტურად არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. ისინი ითხოვენ, რომ არჩევნები დაინიშნოს. ალბათ, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება უნდათ. ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ თავიანთი მარიონეტული ხელისუფლება იყოს ქვეყნის სათავეში. არჩევნები 2028 წლამდე არ იქნება, მაგრამ როდესაც არ უნდა დაინიშნოს, დღევანდელი ოპოზიცია მაინც უშანსოდ არის. არაერთი არჩევნები იყო გასულ წლებში, მაგრამ ყველამ კარგად დაინახა, როგორ წააგეს. დაანებონ თავი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას.
რაც შეეხება სანქციებს - ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ ეს არ არის სწორი პოლიტიკა, რასაც საქართველოსთან მიმართებაში აკეთებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის პროცესის პარალელურად რომ მსგავს განცხადებას გააკეთებ, ეს არის ზუსტად ხელისუფლების შანტაჟი. ხელისუფლება ვერ წყვეტს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი და შესაბამისად, თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას. ეს მუქარა არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ არის, არამედ მოსამართლეების მიმართაც. ეს არის არასწორი და ეს არის სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, რომელიც დაუშვებელია," - განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ALDE-მ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, ALDE „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები". ამასთან ALDE-ს ევროკავშირს, ევროპულ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, მოხდეს ბიძინა ივანიშვილის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და რეპრესიების ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ აქტივების გაყინვა და სამოგზაურო შეზღუდვები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…