საქართველოსთან ჩართულობას ვცდილობთ, მაგრამ დაკავშირებადობის ნაწილშიც არსებობს პირობები — კოსი
ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, ევროკავშირი დაკავშირებადობის ღონისძიებებზე საქართველოს წარმომადგენლებს იწვევს, თუმცა ისინი არ ჩადიან. მისივე განცხადებით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე რჩება.

გაფართოების ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს საქართველოსთან უკეთეს ურთიერთობას დაკავშირებადობის დღის წესრიგის ფარგლებში, თუმცა ამ ნაწილშიც არსებობს პირობები.
ამის შესახებ კოსმა ბრიუსელში, გაფართოების ფორუმის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. ეს არის ის, რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, მაგრამ მთავრობამაც სწორი მიმართულებით უნდა იმოძრაოს. ეს ნათელია და გაფართოების ანგარიშშიც ვთქვით, რას ველით მთავრობისგან. კიდევ სად შეგვიძლია გვქონდეს ურთიერთობა საქართველოსთან — ეს განსაკუთრებით ეხება დაკავშირებადობის ნაწილს. დაკავშირებადობის დღის წესრიგი ახლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროკომისიისთვის, რაც გულისხმობს იმას, თუ როგორ დავამყაროთ უკეთესი ურთიერთობები ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის და, რა თქმა უნდა, საქართველო ამ გზაზე მდებარეობს. მაგრამ ამ ნაწილშიც არსებობს პირობები“, — განაცხადა კოსმა.
მომავალი წლის გაზაფხულზე ბულგარეთში გაიმართება დაკავშირებადობის სამიტი, სადაც, კოსი იმედოვნებს, რომ „ყველა ლიდერი ჩავა“.
„ჩვენ არ გვინდა, საქართველო გარიყული იყოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობებიდან, რომლებსაც ვახორციელებთ ვაჭრობის,
ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროებში. გასულ კვირას ვიყავი დაკავშირებადობის ციფრულ კონფერენციაზე კიშინიოვში, სადაც საქართველოს წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ. მათ არ ისურვეს მოსვლა. ჩვენ მათ ისევ და ისევ მოვიწვევთ. მჯერა, რომ ჩართულები უნდა ვიყოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათაც უნდა აჩვენონ შედეგი“, — თქვა კოსმა.
მისი თქმით, საქართველოს მხოლოდ ქაღალდზე, თუმცა კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი, რადგან მისი მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე, ევროკავშირს სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. თუმცა ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა საფუძვლების (fundametals) სფეროში წარმატების გარეშე. საფუძვლების კლასტერი ძირითადია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში, რაც მოიცავს სასამართლოს და ფუნდამენტურ უფლებებს, სამართალს, თავისუფლებას და უსაფრთხოებას.
„არსებობს საბჭოს დასკვნები იმის თაობაზე, თუ რა მასშტაბით შეგვიძლია მაღალ დონეზე ჩართულობა საქართველოსთან. უკვე ორჯერ თუ სამჯერ მოვიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის შესახებ ჩვენს ღონისძიებებზე და ისინი არც ერთხელ გამოცხადდნენ. ვცდილობთ ჩავრთოთ, ვიწვევთ მათ. მათ მოსვლა არ სურთ. ჩვენ არ ვიწვევთ უმაღლეს დონეზე. ვისწრაფვით ჩართულობისკენ. ვიმედოვნებ, რომ იანვარში საგარეო საქმეთა საბჭო ამ მიმართულებით გარკვეულ ძვრებს მოიტანს. მაგრამ ის, რაც დანამდვილებით ვიცი, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას“, — დასძინა კოსმა.
დღეს, 16 ნოემბერს, ბრიუსელში იმართება გაფართოების მეორე ფორუმი და მინისტერიალი რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე, რომელსაც სამხრეთ კავკასიის (საქართველოს გამოკლებით), ცენტრალური აზიის, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინის მინისტრები ესწრებიან. საქართველო არცერთ არ შეხვედრაში არ მონაწილეობს. დაკავშირებადობის მინისტერიალზე ქართული მხარე მიწვეული იყო ელჩის დონეზე, რადგან ევროკავშირს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერებული აქვს. ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნის მიუხედავად, თბილისმა განაცხადა, რომ საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს.
„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ | გაფართოების ანგარიში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაჩვენ ვცდილობთ (საქართველოს მთავრობასთან) მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი
მარტა კოსი: კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…