,,მეუფე იობის ქადაგების მიღმა – რა ხდება ეკლესიასა და ერში?“ – გოჩა მირცხულავა
ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას შეფასებით, მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ეკლესიასა და ერში მიმდინარე პროცესები გავლენებისთვის, ძალაუფლებისთვის და პოლიტიკური ორიენტირებისთვის ბრძოლაა, რაც სახელმწიფოსთვის საფრთხეს შეიცავს.

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,მეუფე იობის ქადაგების მიღმა – რა ხდება ეკლესიასა და ერში?
მეუფე იობის ქადაგების მიღმაც თუ გავიხედავთ, საკმაოდ სავალალო და რთულ ვითარებას დავინახავთ. ამ ქადაგების შემდეგ ეკლესიაშიც და „ერშიც“ ისეთი პროცესები გამოიკვეთა, რომელთა შედეგების განჭვრეტა არც ისე მარტივია.
დავიწყოთ „ბერით“.
ცალკეული სასულიერო პირები და იერარქები ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს, მათ შორისმეუფე იობის წინააღმდეგ გამოყენებულ ლექსიკასთან დაკავშირებით. მეორე ნაწილი დუმს. თუმცა ეს დუმილიც ორაზროვანია.
მდუმარეებს შორის, ჩემი დაკვირვებით, სამი ჯგუფი იკვეთება: პირველი – ვინც ჩაბეტონებულად დუმს და ხმას მანამდე არ ამოიღებს, ვიდრე საქმე პირად თვითგადარჩენამდე არ მივა; მეორე – ვინც ვითარებას აკვირდება და შემდეგ გადაწყვეტს, სად დადგეს; მესამე – ვინც დუმს, მაგრამ მეუფე იობს თანაუგრძნობს.
რაც შეეხება „ერს“, აქ გაცილებით დიდი დაბნეულობაა. განსაკუთრებით – ე.წ. ინტელიგენციაში.
ამ ხალხს მუდამ ერთი მოსახერხებელი პოზა ჰქონდა: „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი!“ ახლა კი ახალი პატრიარქის გზავნილების ქვეტექსტების გაგება უჭირთ. არ იციან, სად დადგნენ, რა თქვან, ვის დაუჭირონ მხარი. კოლექტიური გოგა ხაინდრავას „ზიზილ-პილილოს“ მიღმა სათქმელიც აღარაფერი აქვთ. მთლად დედის გინებასაც ვერ ბედავენ. ჯერ ერთი, ვაითუ დააჯარიმონ და ჯარიმის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწიოთ! მეორეც, ხვალ რომ ბატონმა „ზნე შეიცვალოს“, ხომ შეიძლება ჩამოსაწერთა სიაში აღმოჩნდნენ?
ჰოდა, დიდი დილემის წინაშე დგას ეს „ინტელიგენცია“, რომელსაც ჩვენი საპატრიარქოსა და ეკლესიისგან თითქმის ყველაფერი მუდამ მიეტევებოდა. თან იმასაც გრძნობენ, რომ შიო მესამე ილია მეორე არ არის – არც ძალაუფლების მასშტაბით და არც იმ გავლენით, რომელსაც წინამორბედი ფლობდა. ძველი ურთიერთობების ინერციით ცხოვრება კი სულ უფრო რთულდება.
ცალკე საკითხია თავად მეუფე იობის პოზიცია.
მოდით, ამ პროცესს ყველაფერი ჩამოვაცილოთ – გარე ფაქტორებიდან დაწყებული, აბსურდული არგუმენტით, „ნაცებს შეეკრა“, დამთავრებული.
და უბრალოდ ვიკითხოთ: მერე?
რა მოჰყვება ამ დაპირისპირებას? როგორ გადანაწილდება გავლენები? რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი, ვინც დღეს დუმს? და, რაც მთავარია, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი სახელმწიფოზე?
აქ იმდენი შესაძლო სცენარია, მათ შორის იმდენი ცუდიც, რომ ზოგჯერ მზარავს კიდეც. არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ ყველა საფრთხის განჭვრეტა შემიძლია.
ერთი რამ კი ფაქტია: ამას ხშირად ვამბობ და ვწერ – საქართველოს ეკლესია პოლიტიკური თამაშებისთვის ყოველთვის მოქნილი ინსტიტუტი იყო. გადასარევად ასრულებდა ხან მთავარი აქტორის, ხან დამკვირვებელ-მედიატორისა და ხანაც სტატისტის როლს. თითქმის ოთხი ათეული წელია, ქართულ პოლიტიკაში მისი მონაწილეობისა თუ გავლენის გარეშე მნიშვნელოვანი პროცესები იშვიათად ვითარდება.
ახლაც მხოლოდ საეკლესიო დაპირისპირებასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის ბრძოლა გავლენებისთვის, ძალაუფლებისთვის, პოლიტიკური ორიენტირებისა და მომავალი წესრიგისთვის.
შეიძლება ვივარაუდო, რა ელის კოლექტიურ „გოგა ხაინდრავას“. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა რამაა: სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ადვილად მანიპულირებადი ლიდერები – ერშიც და ბერშიც – საბოლოოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს. მეტიც, ზოგჯერ ეჭვი მეპარება, საერთოდ აცნობიერებენ თუ არა იმ სიკეთეებსა და საფრთხეებს, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს.
აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი.
როდესაც ქვეყანაში გავლენიანი ადამიანები საკუთარ გადარჩენაზე, პოზიციების შენარჩუნებასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე ფიქრობენ, ვინ ფიქრობს სახელმწიფოზე?
ვინ ხედავს პროცესს მთლიანობაში და არა მხოლოდ საკუთარი ინტერესების სიმაღლიდან?
ძალიან რთული პერიოდი დგას. და ყველაზე მეტად ის მაშინებს, რომ „ერის კაცების“ გარეშე დარჩენილ ქვეყანას ბოლოს ვირთხები არ დაეპატრონონ.
ტურები? ტურებს თუ ვერ ხედავთ, ეგ უკვე ცალკე პრობლემაა.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…