„ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეოკლანი“ - რას აკეთებდნენ მილიონიანი გარე დაფინანსების მქონე ორგანიზაციები მაშინ, როცა საქართველოს ავტოკრატი პრეზიდენტი მართავდა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
„იმედის კვირის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას „მდიდარი ენჯეოების კლანი“ ფსევდოკრიტიკითა და პოლიტიკური ანგარებით იყო დაკავებული.

თქვენ კარგად იცნობთ „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეოკლანის“ ბოლო წლების საქმიანობას, მაგრამ იცით კი, რას აკეთებდნენ მილიონიანი გარე დაფინანსების მქონე ორგანიზაციები მაშინ, როცა საქართველოს ავტოკრატი პრეზიდენტი მართავდა, ახალგაზრდებს ქუჩებში ხვრეტდნენ, ხალხს არბევდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ და ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ? როგორც ირკვევა, ამ პერიოდში მდიდარი ენჯეოების კლანი ფსევდოკრიტიკით, ფსევდოპროტესტით და პოლიტიკური ანგარებით იყო დაკავებული, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ აღნიშნულ თემაზე „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟის წარდგენისას.
როგორც მან აღნიშნა, რეპორტაჟში მაყურებელი ამ ორგანიზაციების წარსული საქმიანობიდან კონკრეტულ მაგალითებს იხილავს.
„2007 წლის 7 ნოემბერი - სად იყვნენ მაშინ ე.წ. უფლებადამცველები? ტელეკომპანია „იმედთან“, სადაც სპეცრაზმი ჟურნალისტებს უსწორდებოდა? არა, აქ არავინ გამოჩენილა. მოვიდნენ „იმედის“ მაყურებლები, მოვიდნენ პოლიტიკოსები, მოვიდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი - ყველა აქ იყო, მდიდარი „ენჯეოების“ გარდა. კონკრეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები უბრალოდ დაიმალნენ.
დღეს კი ეს ადამიანები დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან. დღემდე ცდილობენ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ გამართლებას ევროსტრუქტურებში და საერთაშორისო საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
ვინ იყვნენ სინამდვილეში სააკაშვილის კარის „ენჯეოშნიკები“? ვის დავალებებს ასრულებდნენ? რატომ დუმდნენ მაშინ, როცა ქვეყანა მართლა ნადგურდებოდა, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი და რატომ ყვირიან დღეს, როცა მშვიდობა გახდა გარანტორი ეკონომიკური წინსვლის და რეალური დემოკრატიის?
ცოტნე გეგეჭკორმა ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ „ხალხის ძალის“ ლიდერთან, ყოფილ სახალხო დამცველ სოზარ სუბართან და თავად გაგიზიარებთ იმ სიმართლეს, რომლის დამალვასაც წლები ცდილობდნენ.
ეს არ არის ამბავი სამოქალაქო საზოგადოებაზე. ეს არის ამბავი გარე პოლიტიკური დაკვეთებით მოქმედ ქსელზე, რომელმაც უფლებადამცველის ნიღაბი მოირგო“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…