ბათუმის ცენტრალური მეჩეთისთვის 993 ათასი ლარი დაიხარჯება აჭარის ბიუჯეტიდან
ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან შენობის დემონტაჟისა და სამსართულიანი ობიექტის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 993 ათასი ლარი დაიხარჯება. ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოაცხადა.

ბათუმში, ცენტრალურ მეჩეთთან მდებარე ორსართულიანი შენობის დემონტაჟი და მის ადგილზე სამსართულიანი შენობის აშენებაა დაგეგმილი. სამუშაოებისთვის 993 ათასი ლარია გათვალისწინებული. ეს თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
„ბათუმში მდებარე ცენტრალური მეჩეთის განბანვის ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] 993 ათას 401 ლარით უკვე გამოაცხადა.
სააგენტოს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „2026 წელს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ მომზადდა განბანვის ადგილის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია“, ხოლო „შესასყიდი სამუშაოების ღირებულება [993 401 ლარი] განისაზღვრა მუსლიმთა სამმართველოს მიერ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე“.

ბათუმის ცენტრალური მეჩეთი / ადგილი [საპროექტო ტერიტორია] სადაც არსებული ორსართულიან შენობას დაანგრევენ და ახალ, სამსართულიან შენობას ააშენებენ / ფოტო პროექტიდან
„მთავარი მიზანია შეიქმნას ფუნქციურად და ესთეტიკურად გამართული სივრცე, რომელიც დააკმაყოფილებს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ და რელიგიურ საჭიროებებს. ექსტერიერისა და ფასადის დიზაინში გამოყენებულია ტრადიციული ისლამური გეომეტრიული ორნამენტების მქონე დეტალები, რაც ხაზს უსვამს შენობის სპეციფიკურ დანიშნულებას“ – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
ამავე პროექტის მიხედვით:
„საპროექტო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს 3-სართულიან მრავალფუნქციურ ადმინისტრაციულ ობიექტს. შენობის საერთო კონსტრუქციული სიმაღლე სახურავის პარაპეტის ჩათვლით შეადგენს 9.80 მეტრს. სართულების სიმაღლეები და ფართობები ნაწილდება შემდეგნაირად:
პირველი სართული [ნიშნული +3.60 მ]: მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო და დამხმარე სივრცეებს, მათ შორის იმამის ოთახს. სართულზე ასევე განთავსებულია სველი წერტილები და საპირფარეშოები, ჰოლი და კიბის უჯრედი.
მეორე სართული [ნიშნული +6.60 მ]: ძირითადად წარმოდგენილია ერთი დიდი, ღია სამლოცველო/საერთო სივრცით, სართულზე დამატებით განთავსებულია იზოლირებული ოთახი/კაბინეტი.
მესამე სართული [ნიშნული +9.60 მ]: სართულის ძირითად ნაწილს იკავებს მასშტაბური სამლოცველო/სივრცე. გარდა ამისა, მოწყობილია დერეფანი/კიბის უჯრედი.“
პროექტით, ახალ სამსართულიან შენობაში გათვალისწინებულია ლიფტის დამონტაჟებაც.

საპროექტო სამსართულიანი შენობა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან / ფოტოები პროექტიდან
აჭარის კმდს-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება.
რაც შეეხება სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერის პირობის მიხედვით სრულად უნდა დასრულდეს 2027 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის კმდს საკულტო ნაგებობების „რეაბილიტაციაზე“ აცხადებს ტენდერს, თუმცა, კონკრეტული სამუშაოები ან ძეგლზე დაშენებას, დემონტაჟს ან/და ახალი ნაგებობის აშენებას გულისხმობს.
მაგალითად:
ხინოწმინდაში სამრეკლოს ასაშენებლად და ტაძრისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 680 ათასი ლარი დაიხარჯება
ქობულეთის სოფელ ქვედა სამებაში ეკლესიას ბიუჯეტის ფულით ააშენებენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი
აღსანიშნავია, რომ ბათუმში მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებას მათ მიერ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე 2017 წლიდან ცდილობს, თუმცა თემს ამის ნებართვას არ აძლევენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიას დაუდგინა დისკრიმინაციული მოპყრობა მუსლიმი თემის მიმართ, თუმცა არ დაავალდებულა ნებართვის გაცემა. უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.
ამ თემაზე ვრცლად:
დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ – რას პასუხობს პატარაძე შეკითხვას მეჩეთზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…