ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს 1891 წელს აგებულ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე 1891 წელს აგებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ავთენტური ჩუქურთმა მოანგრიეს. ადგილზე მყოფმა რესტავრატორმა განაცხადა, რომ ჩუქურთმა დაზიანებულია და ახალი, ანალოგიური ქვით შეიცვლება. ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამისი ნებართვა.

ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს 1891 წელს აგებულ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს
ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს 1891 წელს აგებულ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსბათუმელები

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში ჩუქურთმა მოანგრიეს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე სახლს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კადრები, როგორ ამტვრევდნენ კულტურული მემკვიდრეობის ორსართულიან ძეგლს ჩუქურთმას მოქალაქეებმა გადაიღეს.

ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავთენტური ჩუქურთმა უნდა მოიხსნას, რადგან დაზიანებულია, თუმცა მონგრევას დიდი დრო მოანდომეს, როგორც ჩანს ჩუქურთმა „სათანადოდ დაზიანებული“ არ იყო.

რატომ ხსინიან მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ სახლს ჩუქურთმას, რომლის მოსაშლელად ჩაქუჩის და სპეციალური ელექტროაპარატის გამოყენება გახდა საჭირო? – ადგილზე მყოფმა სპეციალისტმა, რომელიც „ბათუმელებს“ გაეცნო როგორც რესტავრატორი გიორგი ხელაძე, გვითხრა, რომ ჩუქურთმა დაზიანებულია და ახალი, „ანალოგიური“ უნდა დამაგრდეს.

„ანალოგიური ქვით, ანალოგიური ჩუქურთმა დამაგრდება“ – გვითხრა მან.

მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შესაბამისი ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონდარღვევაა.

შეთანხმებულია თუ არა ძეგლზე ჩუქურთმის მოშლა სააგენტოსთან? – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს ჯერჯერობით არ პასუხობენ.

პასუხის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

სამუშაოები ზვიად გამსახურდიას 9 ნომერში. ჩუქურთმის მოსაშლელად ჩაქუჩს და ელექტროხელსაწყოს იყენებენ

ძველი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ფასადების რეაბილიტაციაზე კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით. ამ კომპანიამ სახელმწიფოსთან, ძველი ბათუმის რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის 200 მილიონის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ დროისთვის კომპანიისთვის უკვე გადახდილია 184 157 622 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი]. აქედან ჯამში 80 მილიონი ლარი სხვადასხვა დროს ავანსადაა გადარიცხული.

ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლი აგებულია მე-19 საუკუნის ბოლოს. ძეგლის აღრიცხვის ბარათში მითითებულია მისი აგების თარიღიც – 1891 წელი.

ძეგლის აღრიცხვის ბარათის თანახმად, სახლი ტერ-ბაღდასაროვის საკუთრებას წარმოადგენდა.

„შენობის ბაროკულ-კლასიცისტური იერი, შესრულების მაღალი დონე და ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში მისი გამორჩეულობა, დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ძეგლს“ – ვკითხულობთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღრიცხვის ბარათში.

ვიდეო:

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.