პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმე - პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებული კადრებში მისმა ცოლ-შვილმა ამოიცნო
პროკურორის მტკიცებით, დიდუბეში მოკლული ცოლ-ქმრის საქმეზე ბრალდებული კამერების ჩანაწერებში საკუთარმა ცოლმა და შვილმა ამოიცნეს; 62 წლის გია ძლიერაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ოჯახის წევრები ცუდი მხედველობის გამო ამას ვერ იტყოდნენ.
პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 62 წლის გია ძლიერაშვილი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა - არადა კაცი, რომელსაც უმძმეს დანაშაულს ედავებიან, პროკურატურის თქმით, სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილას, კამერების ჩანაწერებში ამოიცნო საკუთარმა ცოლმა და შვილმაც.
ეს გუშინ სასამართლო პროცესზე, რომელიც გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, პროკურორმა მედია ცირამუამ განაცხადა, ასევე დასძინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ადასტურებს, რომ დანაშაული ნამდვილად ბრალდებულმა ჩაიდინა.
მისივე თქმით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ფურცელი, ჩანაწერი, სადაც ეწერა მოკლული ქალის სახელი გვარი, მონაცემები, მისამართი და მანქანის ნომერი.
"ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მისი დაკავება მოხდა სხვა ქალაქში. შესაბამისად, ის, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვას ჰქონდა ადგილი, ასევე, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, ის ცდილობდა იარაღის მოშორებას, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე მართლმსაჯულების სისტემისადმი... ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული.
მტკიცებულებები ნამდვილად ადასტურებს, რომ დანაშაული მის მიერაა ჩადენილი. ეს დაცვის მხარის პოზიციაა, რომ თქვას ასე. მათ შორის, ოჯახის წევრები ადასტურებენ იმ მოტივის, რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი.
მკვლელობის ფაქტი ასახულია სამეთვალყურეო კამერებში, სადაც ჩანს ჩასაფრების ფაქტი, განზრახვის სისრულეში მოყვანის ფაქტი. და ის, რომ ბრალდებულია სამეთვალყურეო კამერაში, ამას ადასტურებენ მისი ოჯახის წევრებიც კი. შვილი... ცოლი...
ამასთანავე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ფურცელი, ჩანაწერი, სადაც ეწერა მოკლული ქალის სახელი გვარი, მონაცემები, მისამართი, მანქანის ნომერი, რაც ასევე ადასტურებს, რამდენად გააზრებულად ჩაიდინა მან დანაშაული", - თქვა მედეა ცირამუამ.
ამის შემდეგ, ბრალდებულმა, რომელიც მანამდე სასამართლო პროცესზე დუმდა, დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ბრალდების მხარე იტყუება.
"ჩემი მეუღლე თითქმის ვერ ხედავს. ჩემს შვილსაც, მინუს რამდენი აქვს თვალებში... არ ვიცი, ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას", - თქვა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.
ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს, 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო.
სასამართლოს დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ბრალდებსი მხარემ - პროკურორ მედია ცირამუას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ახლდა თუ არა გია ძლიერაშვილის კიდევ ვინმე მკვლელობის დღეს დიდუბეში და იკვეთება თუ არა სხვა პირის ბრალეულობა, რაზე პასუხადაც სახელმწიფო მბრალდებელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის. სხვა პირის ჩართულობა არ იკვეთება
კამერების ჩანაწერებში სრულად არის ასახული ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე მისვლის, დაზარალებუების მისვლის, განზრახვის სისრულეში მოყვანის და მათი მკვლელების ფაქტები. ეს კამერები არის მათ შორის ბრალდებულის ოჯახის წევრების მონაწილეობით დათვალიერებული, სადაც ბრალდებულის ოჯახის წევრები იყვნენ კატეგორიულები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანაწერში მყოფი პირი არის მათი ოჯაის წევრი.
ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სხვა პირის ჩართულობა არ იკვეთება. გამოთხოვილია კამერების ჩანაწერები, თუმცა გამოძიება გრძელდება ინტენსიურად, შესაბამისად ბრალდების მხარე არ შეისწავლის მხოლოდ კონკრეტული დღის ჩანაწერებს, მთელი კვირის ჩანაწერების შესწავლა ხდება.
მკვლელობის მოტივი არის ანგარება, ეს უკავშირდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კონფლიქტს. ბრალდებულის მხრიდან არ იქნება გამოყენებული ქონების გამოსყიდვის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის საშუალება დაზარალებულისგან არაერთხელ ჰქონდა ამდენი ხნის განმავლობაში", - განაცხადა პროკურორმა.
სისხლიანი გარჩევა დიდუბეში 11 ნოემბერს ღამით მოხდა - "პირველების" ინფორმაციით, პენსიონერ ცოლ-ქმარს სადარბაზოს ლიფტთან სასიკვდილო ჭრილობები ავტომატური იარაღით 227 კვ მეტრი ფართობის ბინის გამო მიაყენეს.
პენსიონერები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ისინი ავეჯის სახლ "საბაში" ვაჭრობდნენ. სწორედ "საბადან" სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაზოს ლიფტთან მათ შეიარაღებული პირი დახვდათ.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე შსს-მ 62 წლის გია ძლიერიშვილი დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…