ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო.
11 ნოემბერს, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ცოლ-ქმარს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
სოსო სუჯაშვილმა და ნანა ფირანიშვილმა ბრალდებულის დის საცხოვრებელი ბინა აუქციონზე შეიძინეს, თუმცა, საცხოვრებელს არ ტოვებდნენ. მხარეებს შორის, მოლაპარაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბოლო მოლაპარაკება ჩაიშალა.
12 ნოემბერს კი, ბრალდებულის დის ბინიდან გამოსახლება იყო დაგეგმილი.
გია ძლიერაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ლ" და "ნ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ და ანგარებით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…