პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“თუ მაინდამაინც რამე პალესტინურს უნდა ვუგულშემატკივროთ, მაშინ ნაიბ ბუკელეს საქმეს გაუმარჯოს” – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ელ სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს მმართველობასა და ჰაიტიზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ბუკელემ კრიმინალს ომი გამოუცხადა და ქვეყანა უსაფრთხოდ აქცია.

“თუ მაინდამაინც რამე პალესტინურს უნდა ვუგულშემატკივროთ, მაშინ ნაიბ ბუკელეს საქმეს გაუმარჯოს” – ბექა კობახიძე
ალია

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:

ლათინურ ამერიკაში არის პატარა ქვეყანა, ელ სალვადორი ქვია. საქართველოზე სამნახევარჯერ პატარაა, ხოლო მოსახლეობით – ოდნავ დიდი.

საქართველოს 1993-1995 წლები ვისაც გახსოვთ, ეგ იყო პერმანენტული ნორმა და მოცემულობა სალვადორში.

2019 წელს პრეზიდენტად აირჩიეს 38 წლის პალესტინური წარმოშობის კაცი, ნაიბ ბუკელე. ეს ადგა და მემარჯვენე ავტორიტარიზმი დაამყარა ქვეყანაში. ოღონდ ძალიან პოპულარულია. ომი გამოუცხადა კრიმინალს. დაახლოებით 120 ათასი ადამიანი დააპატიმრა: ყაჩაღები, ბანდები, ნარკოდილერები, ტრეფიკიორები. სულ მალე სალვადორი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აქცია. ეკონომიკას დერეგულაცია გაუკეთა, კრიპტოვალუტა ფულად ერთეულად დაუშვა (დოლარი ისედაც ოფიციალური ვალუტა იყო). მიმდინარეობს ქვეყნის გამალებული მოდერნიზაცია. დემოკრატია არ არის, მაგრამ ხალხი ტაშს უკრავს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ოპოზიცია აკრიტიკებს, მარა ამას კიდია.

ბოლოს დიქტატორები მაინც ურევენ ხოლმე, მაგრამ შვიდი წელია ხელისუფლებაშია და ჯერ არ აურევია.

კარიბის ზღვის აუზში არის კიდევ ერთი პატარა ქვეყანა – ჰაიტი. ცოდვა-მადლს მიღმაა რაც იქ 2021 წლიდან ხდება. სახელმწიფო ინსტიტუტები ფორმალურადაც აღარ არსებობენ, ბანდებმა გადაიბარეს ქვეყანა, კანონს შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება და ჰუმანიტარული კატასტროფაა. მსგავსი რამ ჩვენც არ გვინახავს.

გაერომ ორჯერ გაგზავნა შეიარაღებული სამშვიდობო კონტიგენტი, მარა ვერაფერი გააწყო. მერე ამერიკელი სამხედროების კერძო კომპანია დაიქირავეს ბანდებთან საბრძოლველად და ჯერჯერობით ვერც მათ დადეს შედეგი. მოსახლეობამ თავად აიღო იარაღი ხელში და ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ საკუთარი უბნებისა და სახლების დაცვას.

ზემოთ რომ გაეროს მისია ვახსენე, იქ 80 ექიმი სალვადორმაც მიავლინა. ჰაიტელმა ბანდებმა ოთხი სალვადორელი ექიმი გაიტაცეს და აღარ დააბრუნეს. ბუკელემ შეუთვალა, ეგ ხალხი დაგვიბრუნეთ, თორე ინანებთო. არ აღიქვეს ეს მუქარა სერიოზულად. ბუკელემ 2500 სამხედრო და ავიაცია გაგზავნა ჰაიტიზე, ავიაციით, სპეცრაზმელებით… ბანდები ბოდიშებს იხდიან, პირველად 2021 წლის შემდეგ, მოლაპარაკებებს ითხოვენ, მაგრამ ბუკელემ გვიანია, სალვადორის შემდეგ ჰაიტიზეც უნდა დამყარდეს წესრიგიო. მშვენიერ წარმატებას აღწევს სალვადორი ჰაიტიზე.

საერთოდ, მსოფლიო ისტორიას თუ შევხედავთ, ტომობრივი გაერთიანებებიდან მოდერნულ სახელმწიფოზე სწრაფი გადასვლა ასეთი ტიპის რეჟიმებით ხდება. ავიღოთ მეიძის რესტავრაცია იაპონიაში, ათათურქი თურქეთში და მრავალი სხვა. ოღონდ, ყველა ასეთ შემთხვევას ერთი რამ ჰქონდა საერთო: ამ სახელმწიფოებს არ ყავდათ მტერი, რომელიც მოვიდოდა და ძალადობრივი გზით შეგიწყვეტდა მოდერნიზაციის პროექტს, თავზე დაგასვამდა რეტროგრადებს და წარსულში დაგაბრუნებდა. აი ეს დაუძლეველი ამოცანა აქვს ქართულ სახელმწიფოს, თორემ მოდერნიზატირები, ვახტანგ მეექვსიდან მოყოლებული ოცდამეერთე საუკუნემდე ჩვენც გვყავდა. ყველა ეს მცდელობა მეზობელი იმპერიის სამხედრო ინტერვენციით დასრულდა.

ბუკელეს საქმე უფრო იოლადაა. მას ამერიკის დემოკრატიული ადმინისტრაციაც დაუჭერს მხარს, რადგან კრიმინალთან მისი ბრძოლა სალვადორსა თუ ჰაიტიზე პირდაპირ აისახება ამერიკის უსაფრთხოებაზე.

ჯერ შევარდნაძე და მერე სააკაშვილი, სთავაზობდნენ რუსებს, ჩვენ ჩრდილო კავკასიაში დაგეხმარებით სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და თქვენ აქეთ დაგვიჭირეთ მხარიო. მაგრამ რუსეთი ამერიკა არ არის. რუსეთი მეზობლის წარმატებას საკუთარ საფრთხედ აღიქვამს.

თუ მაინდამაინც რამე პალესტინურს უნდა ვუგულშემატკივროთ, მაშინ ნაიბ ბუკელეს საქმეს გაუმარჯოს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ში ავიარეისები შეაჩერეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის ცენტრებში კომუნიკაციის გათიშვის შემდეგწაიკითხე

უახლესი ამბები